ახალი ამბები

ხვალ, 10 დეკემბერს ფემინისტების ჯგუფი მსვლელობას გამართავს – “არ დავთმოთ ღამე”

9 დეკემბერი, 2017 • 2311
ხვალ, 10 დეკემბერს ფემინისტების ჯგუფი მსვლელობას გამართავს – “არ დავთმოთ ღამე”

ხვალ, 10 დეკემბერს, 19:30 საათზე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ღამის მსვლელობას “არ დავთმოთ ღამე” გამართავს.

მსვლელობის მიზანია სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. წლევანდელი მსვლელობა ეძღვნება მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას.

ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობა დაიწყება გმრითა მოედნის ცირკის მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან და გმირთა მოედანის, ვარაზისხევისა უნივერსიტეტის გავლით, დასრულდება მზიურთან, სადაც კაფეში “ახალი მზიური” გაიმართება ფილმის „ნადირობის ველი“ ჩვენება (ქართული გახმოვანებით) და დისკუსია.

ფილმი დოკუმენტურია და ამერიკის უნივერსიტეტებში გაუპატიურების პრობლემას ეძღვნება.


“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” მიიჩნევს, რომ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ცნობილია, როგორც მოძალადეების ერთ-ერთი ნაცადი თავშესაფარი.

“ბოლო პერიოდში მიწისქვეშა გადასასვლელების მიმართ ხელისუფლების ყურადღების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების უსაფრთხოების საკითხს მხოლოდ სანიტარული დატვირთვა არ მიეცეს და განიხილებოდეს, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი”, – აცხადებენ ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტები.

“არ დავთმოთ ღამე“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. ღონისძიება 1970–იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად 30–ზე მეტ ქვეყანაში იმართება.

ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. შარშან “ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა” მსვლელობა “არ დავთმოთ ღამე” 25 ნოემბერს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი