ნეტგაზეთი | დავით კირვალიძე დაკითხვაზეა დავით კირვალიძე დაკითხვაზეა – Netgazeti
RU | GE  

დავით კირვალიძე დაკითხვაზეა

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრ დავით კირვალიძეს მოდულის შენობაში  შს სამნისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტი დაკითხავს.

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შს სამნისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ კირვალიძე დაკითხვაზე უკვე გამოცხადდა.  

 

საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას. 

 

მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა.

 

“დაკავებისთანავე, პირველი 4 საათის განმავლობაში მაიძულებდნენ, რომ ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიმეცა. ჩემზე ზეწოლა იმიტომ გაძლიერდა, რომ დავით კირვალიძე ჩემი კლასელია და ბევრ სამსახურში გვიმუშავია ერთად,” – განაცხადა ივანიაძემ. 

 

მისივე თქმით, 23-გვერდიანი ჩვენება პროკურორის – გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. მისი ჩვენების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერტიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს. გარდა ამისა, მამუკა ივანიაძემ დაკავების შემდეგ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის მომსახურებაზე უარი განაცხადა და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს პროკურატურის ზეწოლის შედეგად გააკეთა.

 

პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მამუკა ივანიაძის ამ განცხადებების შემდეგ სპეციალური ჯგუფი შეიქმნა პროკურატურაში, რომლის წინაშეც ორი ამოცანა დაისვა: 1. წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის ჩვენება ცრუ ჩვენებას და 2. დაირღვა თუ არა მისი დაკავებისა და დაკითხვის დროს საპროცესო კანონმდებლობა.

 

“უდავოდ დადასტურებულია, რომ საკუთარი ნების გამოვლენის პირობებშია მიცემული ივანიაძის მიერ ჩვენება და მასში ასახული ფაქტები შეესაბამება სიმართლეს,” – განაცხადა ტყეშელაშვილმა. მისი თქმით, ეს დადგენილია სხვა მოწმეეების ჩვენებით და ნივთიერი მტკიცებულებებით.

 

ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმის გახსნა სწორედ ივანიაძის თანამშრომლობით იყო განპირობებული. კერძოდ, მისი თქმით, სწორედ ივანიაძის ჩვენებით გამოიკვეთა კორუფციური სქემები, ასევე, მან ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი მონაწილეობა მიეღო “დამნაშავე პირთა მხილების ფარულ ოპერატიულ ღონისძიებაში.”

პროკურატურამ ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებს იმას, რომ ივანიაძეზე ზეწოლა არ ხორციელდებოდა:

 

“ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ ივანიაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საპირისპიროდ,

პირველი – ადვოკატების აცილება მოხდა ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად. ივანიაძის აზრით ადვოკატები მისი კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქნედებდნენ;

 

მეორე – ივანიაძემ გამოძიებას მიაწოდა მანამდე უცნობი ინფორმაცია შესყიდვების კომისიის კონკრეტულ წევრთა მხრიდან კომპანია “ზეტორის” გამარჯვებაში ანგარებითი დაინტერესების თაობაზე, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების იმ კორუფციული საქმეებისა და ჩანაფიქრების შესახებ, რომელთა განხორციელება აღიკვეთა მხოლოდ მათი დაკავების გამო;

 

მესამე – ივანიაძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არა მარტო ღია თანამშრომლობაზე, არამედ მანვე საკუთარი ინიციატივით გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო დამნაშავე პირთა მხილებისათვის წარმოებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში”, – განაცხადა პროკურორმა.

 

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტომ რვა პირი – შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი – ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები – მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები – ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

 

აღნიშნულ პირებს „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლაში“ედებათ ბრალი. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე, შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე გაათავისუფლეს. 

 

“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge