ახალი ამბები

ევროკავშირმა და საქართველომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

22 ივლისი, 2013 • • 988
ევროკავშირმა და საქართველომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ევროკავშირისა და საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრირებას და მათ შორის უფრო ღრმა პოლიტიკურ კავშირს უზრუნველყოფს.

 

“თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომლის შესახებ მოლაპარაკებებს 17 თვე და 7 რაუნდი დასჭირდა, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, უფრო ადვილად შეიტანოს საქონელი და მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე. თავისუფალი სავაჭრო სივრცე საფუძველს ჩაუყრის ვაჭრობასთან დაკავშირებული მექანიზმების – სასოფლო– სამეურნეო პროდუქტების ჰიგიენური სტანდარტებისა და საწარმოო საქონლის მარეგულირებელი წესების ევროკავშირის წესებთან დაახლოების – შემდგომ რეფორმირებას. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს საქონლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლას და აამაღლებს ქართველ მომხმარებელთა უსაფრთხოებას. მოსალოდნელია, რომ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად მოხდება ღია, სტაბილური და წინასწარ განჭვრეტადი გარემოს ხელშეწყობა, რაც გაზრდის ევროპიდან პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც მომხდარი საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა:

 

“ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი ნაბიჯი ნოემბერში, ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. ეს შეთანხმება გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ლიბერალიზაციას, არამედ საქართველოში ნაწარმოები პროდუქციისა და მომსახურებისათვის ტექნიკური ბარიერების მოხსნას ევროკავშირის ბაზარზე შევლისასთვის. ეს მოიცავს 28 ქვეყანას, სადაც ცხოვრობს ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი. დღეს ევროკავშირი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია: 2,8 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა გაგვაჩნია მათთან, აქედან იმპორტი 2,4 მილიარდი დოლარია, ხოლო ექსპორტი -400 მილიონი დოლარი. ახლა იწყება ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოსაწერად მომზადება. ეს გახლავთ კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს ევროპული არჩევანის”, – განაცხადა მან.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობაში კი აღნიშნავენ, რომ ,,მდგრად ვაჭრობაზე ზეგავლენის შეფასების“ შესახებ დამოუკიდებელმა კვლევამ, რომელიც ევროკავშირმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს 12%–ით, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტს 7.5%–ით გაზრდის. ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრულად განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძებელია გამოიწვიოს საქართველოს მშპ–ს ზრდა + 4.3%–ით (292 მლნ). ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, ხელი მოეწერება მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკავშირსა და საქართველში არსებული შიდა პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი