მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა.

 

“დაკავებისთანავე, პირველი 4 საათის განმავლობაში მაიძულებდნენ, რომ ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიმეცა. ჩემზე ზეწოლა იმიტომ გაძლიერდა, რომ დავით კირვალიძე ჩემი კლასელია და ბევრ სამსახურში გვიმუშავია ერთად,” – განაცხადა ივანიაძემ. 

 

მისივე თქმით, 23-გვერდიანი ჩვენება პროკურორის – გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. მისი ჩვენების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერტიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს. გარდა ამისა, მამუკა ივანიაძემ დაკავების შემდეგ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის მომსახურებაზე უარი განაცხადა და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს პროკურატურის ზეწოლის შედეგად გააკეთა.

 

პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მამუკა ივანიაძის ამ განცხადებების შემდეგ სპეციალური ჯგუფი შეიქმნა პროკურატურაში, რომლის წინაშეც ორი ამოცანა დაისვა: 1. წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის ჩვენება ცრუ ჩვენებას და 2. დაირღვა თუ არა მისი დაკავებისა და დაკითხვის დროს საპროცესო კანონმდებლობა.

 

პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი
პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი

“უდავოდ დადასტურებულია, რომ საკუთარი ნების გამოვლენის პირობებშია მიცემული ივანიაძის მიერ ჩვენება და მასში ასახული ფაქტები შეესაბამება სიმართლეს,” – განაცხადა ტყეშელაშვილმა. მისი თქმით, ეს დადგენილია სხვა მოწმეეების ჩვენებით და ნივთიერი მტკიცებულებებით.

 

ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმის გახსნა სწორედ ივანიაძის თანამშრომლობით იყო განპირობებული. კერძოდ, მისი თქმით, სწორედ ივანიაძის ჩვენებით გამოიკვეთა კორუფციური სქემები, ასევე, მან ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი მონაწილეობა მიეღო “დამნაშავე პირთა მხილების ფარულ ოპერატიულ ღონისძიებაში”.

 

პორკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოირიცხა ყველანაირი ზეწოლის განხორციელება ივანიაძეზე:

 

“გამოძიებით, აგრეთვე, მთლიანად გამოირიცხა, რომ ივანიაძის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად ტარდება სათანადო საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები და მამუკა ივანაძის მხრიდან ცრუ დასმენის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა შოთა ტყეშელაშვილმა.

 

პროკურატურამ ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებს იმას, რომ ივანიაძეზე ზეწოლა არ ხორციელდებოდა:

 

“ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ ივანიაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საპირისპიროდ,

პირველი – ადვოკატების აცილება მოხდა ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად. ივანიაძის აზრით ადვოკატები მისი კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქნედებდნენ;

 

მეორე – ივანიაძემ გამოძიებას მიაწოდა მანამდე უცნობი ინფორმაცია შესყიდვების კომისიის კონკრეტულ წევრთა მხრიდან კომპანია “ზეტორის” გამარჯვებაში ანგარებითი დაინტერესების თაობაზე, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების იმ კორუფციული საქმეებისა და ჩანაფიქრების შესახებ, რომელთა განხორციელება აღიკვეთა მხოლოდ მათი დაკავების გამო;

 

მესამე – ივანიაძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არა მარტო ღია თანამშრომლობაზე, არამედ მანვე საკუთარი ინიციატივით გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო დამნაშავე პირთა მხილებისათვის წარმოებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში”, – განაცხადა პროკურორმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *