ამ საქმეზე ბრალდებულები არიან ყოფილი პოლიციელები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე.

 

აღნიშნულ საქმეს მტკიცებულებად დართული აქვს ყოფილი პოლიციელის, ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებული ვიდეომასალა, რომელიც ბუტა რობქიძის მკვლელობასა და მისი მეგობრების დაკავების სპეცოპერაციას ასახავს.

 

2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები: გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ბუტა რობაქიძე.

 

აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე. ამ დანაშაულისათვის ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისათვის. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა ამ საქმის გამოძიება და რამდენიმე პირს წაეყენა სხვადასხვა მუხლით ბრალი.

 

აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, გურამ დონაძესთან ერთად, შეეფარდათ სხვა ბრალდებულებს: თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილ უფროსს დავით იაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას, ამავე პოლიციის მესამე განყოფილების ყოფილ უფროსს ალექსანდრე გვაზავას.

 

მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, შეუჩერდება პასპორტის მოქმედება. ის მიმალვაში იმყოფება.

ბუტა რობაქიძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *