საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება.
შსს-ს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.