საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ გაკეთებული განცხადებები აზარალებს ომბუდსმენის ინსტიტუტს. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი მოითხოვს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის პატივისცემას.
საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სახალხო დამცველზე თავდასხმებისაგან. მათ განცხადებაში წერია, რომ ომბუდსმენის ფუნქციას წარმოადგენს საჩივრების დამოუკიდებელი და ობიექტური განხილვა, რათა გამოასწოროს ადამიანის უფლებათა დარღვევებით გამოწვეული უსამართლობა. ომბუდსმენის მნიშვნელოვან ამოცანას ასევე წარმოადგენს საზოგადოებისადმი გაწეული მომსახურებების გაუმჯობესება, სისტემური შეცდომების გამოვლენის და გამოსწორების გზით.
“ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ სახალხო დამცველის და მისი აპარატის საგამოძიებო საქმიანობის და ანგარიშების შესახებ უარყოფითი განცხადებები და საზიანო შენიშვნები გამოთქვეს მინისტრებმა, პარლამენტის სპიკერმა და სასამართლომაც კი”, – წერია განცხადებაში, რომელიც საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტის, პიტერ ტინდალისა და საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის გენერალური მდივნის, გიუნტერ კრაუტერის სახელით გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ომბუდსმენის საქმიანობაში გარდაუვალია სახელისუფლებლო ორგანოების შესახებ კრიტიკული ანგარიშების მომზადება, თუმცა, ომბუდსმენსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. ეს საშუალებას აძლევს სახალხო დამცველს, დაეხმაროს პარლამენტს, უზრუნველყოს საჯარო ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულება და დაიცვას მოქალაქეთა უფლებები. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების და დაინტერესებული უწყებების ინფორმირება და ანგარიშების გამოქვეყნება შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს მოლოდინი, რომ ამგვარ ანგარიშებს სათანადოდ გაითვალისწინებენ და მათთან დაკავშირებით იმოქმედებენ.
“მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა საზიანო და უარყოფითმა შენიშვნებმა შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს ომბუდსმენის საქმიანობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ კოლეგა ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საერთაშორისო დონეზე აღიქმება, როგორც ომბუდსმენის ინსტიტუტის და მისი სერვისებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების უფლებების უპატივცემულობის მტკიცებულება. ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახლოვდება ახალი სახალხო დამცველის არჩევნები”, – წერია განცხადებაში.
საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ომბუდსმენი არ უნდა ექვემდებარებოდეს დაშინებას ან მუქარას, რამაც შესაძლოა შეზღუდოს მისი დამოუკიდებლობა და ძირი გამოუთხაროს მის შესაძლებლობებს, დაიცვას მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მკაცრად გმობს ომბუდსმენ ნანუაშვილის და სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს.
“ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ელემენტს და კონსტიტუციური რეალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სამართლებრივ სახელმწიფოში ომბუდსმენის დამოუკიდებელი საგამოძიებო მანდატის სრული პატივისცემა და მხარდაჭერა საზოგადოებრივ ინტერესშია. შესაბამისად, საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის პატივისცემას და ომბუდსმენის საქმიანობაზე დასაბუთებულ და პროფესიულ რეაგირებას მოითხოვს”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “პირველი უსამართლო სახალხო დამცველი” უწოდა, მას შემდეგ, რაც ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. თუმცა წულუკიანის დაპირისპირება უჩა ნანუაშვილის მიმართ მანამდე, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის დროს, დაიწყო.
ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის როგორც გამოძიება, ისე სასამართლო პროცესების მიმდინარეობა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, ხოლო საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვამ არაერთი უპასუხო კითხვა დატოვა.
უჩა ნანუაშვილის შეფასება გააკრიტიკა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა.
ომბუდსმენის შეფასება გაარიტიკა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არაკომპეტენტურია, რაზეც მისი უსაფუძვლო კრიტიკა მიუთითებს.