ახალი ამბები

მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი და “დრამა სახურავზე” – დასავლური მედია სააკაშვილის დაკავებაზე

5 დეკემბერი, 2017 •
მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი და “დრამა  სახურავზე” – დასავლური მედია სააკაშვილის დაკავებაზე

დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინის ცენტრში განვითარებული მოვლენების შესახებ დასავლური მედია წერს.

ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” სააკაშვილის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებს. მასალაში, სათაურით “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დააკავეს”, ბრიტანული გამოცემა დღეს დილით კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს. გამოცემა წერს, რომ სააკაშვილს ბრალი ედება კრიმინალური ორგანიზაციის დახმარებაში. “გარდიანი” ყურადღებას სააკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაძაბულ ურთიერთობაზე ამახვილებს. ბრიტანული გამოცემა პოროშენკოს პრორუს პრეზიდენტად მოიხსენიებს.

“სახლის სახურავიდან მხარდამჭერებისთვის მიმართვისას, სააკაშვილმა პოროშენკო მოღალატეობასა და ქურდობაში დაადანაშაულა. სააკაშვილმა მხარდამჭერებისთვის მიმართვა მაშინაც სცადა, როცა აქციის მონაწილეებით გარშემორტყმულ ლურჯ მინივენში სვამდნენ:

-რასაც ისინი აკეთებენ, უსამართლობაა მთელი მსოფლიოს თვალწინ. მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, გამოვიდნენ ქუჩაში და განდევნონ ქურდები” – წერს გამოცემა.

კიევში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს ბრიტანული საინფორმაციო საშუალება “როიტერსიც”. როიტერსი სტატიაში, სათაურით “ქაოტური სცენა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში დააკავეს”, წერს:

“ნიღბიანმა პოლიციელებმა სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში სახლიდან გამოიყვანეს, რა დროსაც მისი მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და  პოლიციის მანქანას, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, წასვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მოანწილეები შეიკრიბნენ მანქანის გარშემო და ქვებითა და ხის მასალით ბარიკადები ააგეს”.

“სააკაშვილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პირისპირ, დაკავება კიევში ბინის ჩხრეკის შემდეგ” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “რადიო თავისუფლება”.

“უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა შტურმით აიღეს სააკაშვილის კიევში მდებარე ბინა და დააპატიმრეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პეტრო პოროშენკოს ოპონენტი. დაკავების მიზეზი კი  დაუყოვნებლივ არ განუმარტავთ.

სააკაშვილი შენობის სახურავზე გამოჩნდა მუშტის ქნევით. მის დაკავებას შეტაკება მოჰყვა სამართალდამცავებსა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის” – წერს “რადიო თავისუფლება”. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოვლენების განვითარებიდან ერთ საათში ადგილზე სააკაშვილის 1 000-ზე მეტი მხარდამჭერი შეიკრიბა.

კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს “ფაინანშეალ თაიმზიც”. სტატიაში, სათაურით  “უკრაინულმა პოლიციამ მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი “სახურავის დრამაში” დააკავა”, გამოცემა წერს, რომ უკრაინის პოლიციამ სააკაშვილს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. სტატიაში ყურადღება ასევე გამახვილებულია სააკაშვილისა და პოროშენკოს დაპირისპირებაზე.  “ფაინენაშეალ თაიმზი” ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი ძალადობრივად გამოაძევეს.

“კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს” – ამ სათაურით გამოაქვეყნა მასალა “ბი-ბი-სი-მ”.  ბრიტანული მედიასაშუალება კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს და ყურადღებას ამახვილებს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოში კი მას პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი