ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოში “პატრიოტებს” კიდევ ერთი წევრი შეემატა

18 ივლისი, 2013 • • 1290
ქუთაისის საკრებულოში “პატრიოტებს” კიდევ ერთი წევრი შეემატა

„მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი, მივიღე გადაწყვეტილება და გავხდი დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ჩემი ამომრჩევლის საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისთვის აუცილებელია უმრავლესობაში ყოფნა.“

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გია უკლება ამბობს:  

 

“სერგო ლექვინაძე რამდენიმე თვის გასულია ჩვენი ფრაქციიდან, აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ ქონდა იმას, თუ რა გზას აირჩევდა ბატონი სერგო. მე უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა ბატონ სერგოზე და არ მეგონა, თუ ვინმე თარხან-მოურავის პარტიაში ამოყოფდა თავს.“

 

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში 24 წევრია. აქამდე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საკრებულოში 11 წევრით იყო წარმოდგენილი, თუმცა დღევანდელი ცვლილებების შემდეგ მათ 12 წარმომადგენელი ეყოლებათ. ეს უმრავლესობა არ არის, თუმცა თუ ხმები 12:12-ზე გაიყოფა, საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის ხმა გადამწყვეტი ხდება, რომელიც ამჟამად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ ირიცხება. ფრაქცია “პატრიოტების” თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში ყოფნა მათ პასუხისმგებლობას ზრდის:

 

„ჩვენთან შემოვიდა განცხადება სერგო ლექვინაძის, რომელიც ითხოვდა ფრაქციაში გაწევრიანებას. ფრაქციაში იყო 11 წევრი, დღეს უკვე ვართ 12. ბატონი სერგო არის გონიერი, კეთილსინდისიერი, ზრდილობიანი და, რა თქმა უნდა, აქტიური პოლიტიკური მოღვაწე. საკრებულოში მას ქალაქის საკეთილდღეოდ ბევრი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლა და აქვე დავსძენ იმასაც, რომ ფრაქციასაც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას მატებს, ვინაიდან ჩვენს ფრაქციას უკვე აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, ეს თითოეულ წევრს მატებს დიდ პასუხისმგებლობას, რათა უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისათვის,“ – განაცხადა  ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა.

 

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა დაამტკიცეს. გარდა ამისა, დეპუტატებმა ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის ანგარიში მოისმინეს გაწეული მუშაობის შესახებ.

 

გია უკლება ამბობს, რომ დასუფთავების კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობს:

 

„დასუფთავებაში არის მცირეოდენი პრობლემები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ საკითხზე კიდევ უნდა გავმართოთ დამატებითი შეხვედრები იმისათვის, რომ ეს პრობლემები ერთად გადავჭრათ და ამოცანები დავსახოთ.“

 

უკლებას მოსაზრებას იზიარებს კახა ნემსიწვერაძე და სრულყოფილი სხდომის გამართვის საჭიროებაზე აქცენტირებს:

 

„აქ ბევრი საკითხი – საკითხავია.  აქ ეხება საკითხი ცხოველების იზოლაციასაც. ჩვენი ფრაქცია დასუფთავების სამსახურს მიუძღვნის სრულყოფილ სხდომას, თავისი ანგარიშით, თავისი შემოსავლებით, გარდა ამისა ბუნკერებზე გვექნება საუბარი და ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ქალაქს.”

ქუთაისის საკრებულოს სხდომა
ქუთაისის საკრებულოს სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი