“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, კულტურის სამინისტომ მიიღო გადაწყვეტილება სტალინის ძეგლის გორში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ მილიონობოთ ადამიანის ჯალათის, ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ჯალათის, ბოროტების იმპერიის შემქმნელის, საერთოდ, ფაშისტებთან ერთად მე-20 საუკუნეში მთავარი ბოროტების, მთავარი საშინელების ძეგლის დაბრუნება და მისი ხსოვნის “განდიდება” იქნება ჩვენი წარსულის შეურაცხყოფა, ყველა იმ მილიონობით რეპრესირებულის შეურაცხყოფა, დანაშაული ჩვენი მომავლის წინაშე და მე მინდა მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, ახალ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს ჯალათების ძეგლები ჩვენს ქალაქებში”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მანანა ბერიკაშვილის წერილიდან, რომელიც 17 ივლისით თარიღდება, ირკვევა, რომ კულტურის სამინისტრომ განიხილა გორის საკრებულოს წერილი სტალინის ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებით, რაც მიზანშეწონილად მიიჩნია:
“მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინება: უნდა მოხდეს პოსტამენტის ზომის კორექტირება – კერძოდ, შემცირება, რათა მისი მასშტაბი შესაბამისობაში მოვიდეს ახალ ადგილთან,” – ნათქვამია ბერიკაშვილის წერილში.
სტალინის ძეგლი გორში, ცენტრალური მოედნიდან, 2010 წლის ივნისში აიღეს. ახალი ხელისუფლება კი თანახმაა, რომ ძეგლი სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსდეს.
უშიშროების საბჭოს მდივანი სტალინის მუზეუმთან დაკავშირებითაც მიმართავს ახალ ხელისუფლებას. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუზეუმს დარქმეოდა სტალინიზმის მუზეუმი, რომელიც მიეძღვნებოდა საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და იმის მაჩვენებელი იქნებოდა, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. ბოკერიას განცხადებით, ეს საქმე ახალი ხელისუფლების პირობებში არ გრძელდება და მთავრობას მოუწოდებს, სწორი სახე მისცეს მუზეუმის ფუნქციონირებასაც.
