გუბაზ სანიკიძის თქმით, ქუთაისის საკრებულო არც მას მოსწონს. მისივე განმარტებით:

“ხელისუფლების სრული გამოცვლა და გადაბარება საჭიროებს სამ ეტაპს: საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაისში გველოდება და თუ არ მოგვწონს დღევანდელი საკრებულო… მეც არ მომწონს, რომ არ დაგიმალოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი მოსაზრება არის სუბიექტური. ქუთაისი არის დღეს თვითმმართველი ქალაქი, მაგრამ რეალურად, თვითმმართველობა არ არსებობს ქვეყანაში. ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი მოქალაქეები მიბრძანდებიან და ვისაც თვლიან ღირსეულ კანდიდატებად საკრებულოებში და მუნიციპალიტეტებში, აირჩევენ თვითონ. მე, მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, არ ვერევი თვითმმართველობის საქმიანობაში. ჭორი ისეთი რამე არის, ვერაფერს უზამ.”
როგორც სანიკიძე ამბობს, “ვრცელდებოდა ჭორები, რომ თითქოს რაღაც სიები არსებობდა, რომლებსაც მე ვწერ. თანამდებობებზე ხალხს მე ვნიშნავ. გამორიცხეთ ეს. მე შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო, რომ ეს ასე არ არის. ქუთაისს ჰყავს თავკაცი და ის მიიღებს გადაწყვეტილებებს მიზანშეწონილობის მიხედვით. “
გუბაზ სანიკიძემ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი დაპირება უკვე შესრულდა:
“ბენზინის ფასს ალბათ შეატყობთ, გაივლით ბენზინგასამართ სადგურებზე და ბენზინის ფასი კარგა გვარიანად არის დაცემული. 25-30 თეთრით არის უკვე მოკლებული. მე არსად მითქვამს, რომ ბენზინის ფასი მეოთხედით დაიკლებს. ვთქვი, 50-დან 60 თეთრამდე გაიაფდება. ეს პროცესი არ არის გაჩერებული. მოგეხსენებათ, დენის ფასი 24%-ით შემცირდა, 10 %-ით შემცირდა გაზის გადასახადი და ალბათ გაგრძელდება ეს. რაც შეეხება პენსიებს, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 240 ლარი უნდა იყოს და დროთა განმავლობაში გახდება. რაც შეეხება პენსიებს, 150 ლარი გახდება სექტემბრიდან. სამედიცინო დაზღვევაზე მგონი გაკეთდა ბევრი რამე, ხო? ასე რომ, ამის ისე წარმოჩენა, რომ არაფერი არ ხდება ქვეყანაში და თითქოს “ქართული ოცნება” ტყუილებით არის მოსული, ეს არის ტყუილი. ამიტომ, დამნახავი უნდა იყოს ადამიანი”
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებობდა მონოპოლიები:
“ეს იყო ციხესიმაგრე აშენებული ქვეყანაში, რომლის დანგრევას ჭირდება გარკვეული დრო და საკმაოდ ეფექტურად მიდის ეს პროცესი.”
სანიკიძე ასევე ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გარკვეული ხარვეზებით ჩატარდა:
“ჩატარდა გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ ჩატარდა, ხომ? გაიარეთ ერთი გზაზე, საქართველოს ნებისმიერ გზაზე გაიარეთ და ასეთი მოხნული თუ გინახავთ ჩვენი სამშობლო ოდესმე? ყოველ შემთხვევაში, აქ ჩემზე უმცროსი თაობა სხედხართ და ნამდვილად არ გახსოვთ ასეთი რამ თქვენ. ამიტომ სიკეთეს დანახვა უნდა. სიკეთის მიმართ სიბრმავე არ არის კარგი მოკავშირე.”
გუბაზ სანიკიძემ სამართლიანობის აღდენაზეც ისაუბრა:
“სამართლიანობის აღდგენაც იქნება, ოღონდ ეს ცნობილი ფორმულაა, სამართალი ურმით დადის, სამართალი არ დაფრინავს, მაგრამ ურემს აქვს ერთი უპირატესობა, ურემმა იცის ყველა ადგილზე შესვლა, განსხვავებით სხვა სატრანსპორტო საშუალებების. ამიტომ გვაცალეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი წინ გვაქვს. “
დეპუტატმა ასევე ქუთაისის ფუნქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქი კავკასიის საგანმანათლებლო ცენტრად უნდა იქცეს:
“ამაზე სერიოზული სჯა-ბაასი მიდის. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ქუთაისს უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქცია, უნდა იყოს ცენტრი, დედაქალაქი არა მარტო საქართველოსი, არამედ კავკასიის, აქ არის რამოდენიმე პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს არის მილენიუმის პროექტი, ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი. ეს ნამდვილად ისეთი საქმეა, რომელსაც სერიოზული აწონ-დაწონვა და განსაზღვრა სჭირდება. ეს პრესპექტივაში დევს, არავის დავიწყებია ამის შესახებ, უბრალოდ, განხილვისა და დაპროექტების პროცესში არის ეს ყველაფერი.”
რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში გადატანას, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოს ისეთი პრობლემები არ აქვს, როგორც აღმოსავლეთს, ამიტომ პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს აღმოსავლეთ საქართველოში:
“ის, რომ საქართველოს ორი პოლიტიკური ცენტრი ჰქონდეს, ეს პირდაპირ ეროვნული ღალატია იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ასე იშლებოდა თავის დროზე. ვიღაცა წავიდოდა და მეორე პოლიტიკურ ცენტრს გამოაცხადებდა, დაშლა ასე ხდება. ამაზე უფრო სიღრმეებში არ წავალ იმიტომ, რომ მაინც საჯარო გამოსვლაა ჩემი და მე არ მინდა ვისაუბრო იმ ხიფათებზე, რაც ახლავს თბილისიდან დედაქალაქის გადატანას სადმე სხვაგან.”
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სანიკიძის მტკიცებით, თუ საქართველო გიორგი მარგველაშვილს აირჩევს, ქვეყანას ეყოლება პრეზიდენტი – ადამიანური სახით:
“პირველად, მე მგონი, თუ არ ჩავთვლით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, იმიტომ, რომ იქ მოხდა დიდი ტრაგედია, თუ გიორგი მარგველაშვილს ავირჩევთ, საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი ადამიანური სახით. ადამიანი რომ იქნება პირველ რიგში და მერე იქნება პრეზიდენტი.”
გუბაზ სანიკიძის თქმით, მას არ უნდოდა, რომ კენჭი ქუთაისში ეყარა, რადგან ამ ქალაქში ერთხელ წააგო:
“მე არ მინდოდა ქუთაისში მეყარა კენჭი. ბატონ ბიძინასთანაც მქონდა ამაზე საუბარი. მე რახან ერთი წაგება მქონდა ქუთაისში, ძალიან არ მინდოდა მეორედ მეყარა კენჭი, მაგრამ ამაში კი ბიძინა ივანიშვილმა ლამის კედელთან მიმაყენა და მითხრა, მაშინ თქვი, ვინ წავა და გარანტია მომეცი, რომ მოიგებს. ვერ გამოვიდე ვერავიზე თავი. მაჟორიტარობა არის უმძიმესი ტვირთი, ეს არის კაცის დაწყევლა. თუ გინდა კაცი დაწყევლო, უნდა უსურვო, რომ იყოს მაჟორიტარი. “
