ამ ეტაპზე რიგგარეშე სხდომის გამართვის თარიღი ერთდაერთი საკითხია, რომელიც საკრებულოს ახალ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სადავოდ რჩება.
რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც საკრებულოს უმრავლესობის წევრთა თქმით, ხვალ უნდა გაიმართოს, საკრებულოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადაყენების საკითხები განიხილება.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის თქმით, რეალობის გათვალისწინებით უმცირესობა მზად არის გადადგეს ან გადააყენონ, თუმცა, მისივე განცხადებით, მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები უნდა შედგეს, რაზეც უმრავლესობაც თანახმაა.
10 დღს წინ საკრებულოს უმრავლესობამ წერილით მიმართა ზაალ სამადაშვილს, რომ რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს დაენიშნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომას 19 ივლისს გამართავდნენ.
თბილისის საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
თბილისის საკრებულოს პრესცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ წერილში გარკვეული იურიდიული ხარვეზები იყო და ამის შესახებ შეტყობინებას სამადაშვილი უმრავლესობას დღეს გაუგზავნის.
თბილისის საკრებულოში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობა დაკარგა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხიც.
ამ დროისთვის “ნაციონალურ მოძრაობას” თბილისის საკრებულოში 22 დეპუტატი ჰყავს, ხოლო საპირისპირო მხარეს შექმნილ რამდენიმე ფრაქციაში – 25 დეპუტატი ერთიანდება.
უკვე სახელდებიან საკრებულოს ახალი თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებიც. ერთ-ერთი მათგანია ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე, ყოფილი “ნაციონალი” ირაკლი შიხიაშვილი.
