“პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერ გაუქმდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემზადება უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის, რომელიც გაიმართება პოლონეთსა და ლიტვაში, რის გამოც ასეთი შეხვედრა ვერც დაიგეგმებოდა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, მისი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ასევე არ იყო დაგეგმილი, რადგან დღეს მინისტრი მასპინძლობს თავის კოლეგას – სომხეთის თავდაცვის მინისტრს და ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხადა:
“ევროპის პარლამენტის თავდაცვის უსაფრთხოების კომიტეტი ჩამოვიდა მნიშვნელოვანი შემადგენლობით. სამწუხაროა, რომ წინასწარ დანიშნული შეხვედრები პრემიერ- მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან მას შემდეგ გაუქმნდა, რაც შეხვდნენ მერაბიშვილს დილით ციხეში.
ეს ხალხი საშინაო პოლიტიკაზე სასაუბროდ არ ჩამოსულა. ეს არის ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი, რომელიც ჩამოსულია ოკუპაციის შესასწავლად, საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია. მათთან საუბარი – ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რაღაცა, თუ შენ გინდა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთო.”
მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაცია, თავმჯდომარის არნო დანჟანის ხელმძღვანელობით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
მანამდე ევროპარლამენტის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ ე.წ. მატროსოვის ციხეში.
