ახალი ამბები

ხანძრის შედეგი თბილისის აკვაპარკში [Video]

17 ივლისი, 2013 • 2390
ხანძრის შედეგი თბილისის აკვაპარკში [Video]

როგორც “ევროპარკის” დაცვის ერთ–ერთი წევრი აცხადებს, გუშინ, საღამოს, იმ პერიოდში, როდესაც აკვაპარკში ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მხოლოდ დაცვის ერთი წევრი და დამლაგებელი იმყოფებოდნენ:

“მე ვიცი, რომ ხანძარი დაახლოებით 22:00  საათზე გაჩნდა, როგორც წესი, ამ დროს პარკში არავინ აღარ არის ხოლმე. მომსახურე პერსონალი ტერიტორიას ყველა სამუშაო დღეს 20:00 საათზე ტოვებს, აქ რჩება მხოლოდ დამლაგებელი და დაცვა”.

აკვაპარკში ხანძრის შედეგად სამი ნაგებობა დაიწვა. ნაგებობებს ერთმანეთისგან ბილიკი ჰყოფს, ნაგებობების ქვეშ განთავსებულია აუზებიც. “ევროპარკის” თანამშრომელი ვარაუდობს, რომ ცეცხლი თავდაპირველად “ბუნგალოს” გაუჩნდა, რომელიც სამივე ნაგებობის შუაში მდებარეობდა:

“ეს სამი ადგილი საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან. მე მგონია, რომ ცეცხლი ბუნგალოში გაჩნდა, რომელიც გამხმარი მცენარეებითაა დაფარული. გუშინ საღამოს ქარი იყო და ალბათ შემდეგ ქარმა ბუნგალოს ცეცხლწაკიდებული ნაწილები აქეთ–იქით წაიღო.

როგორც ვიცი, დაცვის წევრმა დაინახა, რომ ცეცხლი გაჩნდა, მოსულა, ნაგვის ურნიდან ნაგავი გადმოუყრია, ურნა წყლით გაავსო და უნდოდა ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ როცა ახლოს მივიდ,ა ნახა, რომ ცეცხლი სწრაფად ედებოდა ყველაფერს და სახანძრო გამოიძახა”, – აცხადებს “ევროპარკის” თანამშრომელი.

 

ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან “ევროპარკის” ხელმძღვანელობა თავს იკავებს. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, პარკის ხელმძღვანელი მივლინებით ბათუმში იმყოფება და თბილისში ჯერ არ ჩამოსულა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მხოლოდ “ევროპარკის” ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა. როგორც გიგუაშვილი აცხადებს, იმის თქმის საფუძველი, რომ პარკში ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს, არ არსებობს, თუმცა გამორიცხული არაფერია:

“ჩვენ სწორედ ამ კითხვაზე გვინდა მივიღოთ პასუხი გამოძიებისგან, ცეცხლი ნამდვილად გაჩნდა, თუ ხელოვნურად გააჩინეს, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და იმედია ყველაფერი დადგინდება”, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

ამირან გიგუაშვილი, ევროპარკის ადვოკატი
ამირან გიგუაშვილი, ევროპარკის ადვოკატი

მისივე თქმით, გავრცელებულია უამრავი ჭორი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მათ შორის ის, თითქოს აკვა–პარკი ხელმძღვანელობამ წინა დღეს დააზღვია, მეორე დღეს კი ხანძარი გაჩნდა:

“ეს, რა თქმა უნდა, არ არის მართალი, “ევროპარკი” ხუთი წელია დაზღვეულია კომპანია “ალდაგში”, ჩვენ მათთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს”, – აცხადებს გიგუაშვილი.

კომპანია “ალდაგი ბი სი აის” პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ “ევროპარკი” მათი დაზღვევით სარგებლობს, თუმცა კომპანიაში ზარალის რაოდენობასთან დაკავშირებით ჯერ არ საუბრობენ:

“ვადასტურებთ, რომ “ევროპარკი” ნამდვილად ჩვენი დაზღვეულია, ჯერჯერობით ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, როდესაც იქნება პასუხი, მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ქმედებაზე, რა ექვემდებარება ჩვენი მხრიდან ანაზღაურებას, რა – არა და ა.შ. სხვა ინფორმაციას ამ წუთში ვერ მოგაწოდებთ”, – განაცხადა “ალდაგი ბი სი აის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ივჩენკომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით ვინმეს მიმართ ბრალეულობა არ გამოკვეთილა:

“აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით, ეს არის ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაიზანების ან განადგურების ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს, იკითხებიან ის პირები, ვინც ადგილზე იყო, კონკრეტულად ვინმეს მიმართ ბრალეულობა ჯერ არ არის გამოკვეთილი”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ხანძარი აკვაპარკში გუშინ საღამოს გაჩნდა, ადგილზე ერთდროულად 18 სახანძრო და სამაშველო მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი