არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა პირებმა კონკრეტული კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებასთან დაკავშირებით პროტესტი არაერთხელ დააფიქსირეს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით კანონპროექტების მიღების გარდა, საზოგადოების საკანონმდებლო პროცესში ჩართვა სხვა კომპლექსური ცვლილებებით უნდა მოხდეს, რაც სექტემბრიდან განხორციელდება.
უსუფაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონპროექტში ცვლილებების შესვლის შესახებ არაფერი იციან ადამიანებმა, ვისაც ეს კანონი უშუალოდ ეხება, ამიტომ აუცილებელია, რომ განხილვის პროცესი პარლამენტის შენობას გასცდეს:

“ჩვენ სექტემბრიდან პარლამენტში გვექნება სრულიად განსხვავებული საკანონმდებლო პროცესი. ეს საგაზაფხულო სესია ჯერ კიდევ ემსახურებოდა აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ სექტემბრიდან ვაწესებთ ახალ სტანდარტს. თითოეულ კანონპროექტზე, თითოეულ გადაწყვეტილებაზე წინასწარ იქნება ძალიან სერიოზული მსჯელობა და კონსულტაცია.
მაგალითად, მაჟორიტარების ბიუროები, რომელიც ყველა რაიონულ ცენტრშია განთავსებული და სადაც ადამიანები მიდიან საკუთარი პრობლემებით, ჩვენ სექტემბრიდან უნდა ვაქციოთ კანონპროექტების განხილვის ადგილად. ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვისას პირდაპირ გამოვაცხადებთ, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე, ყველა რაიონული ცენტრის მაჟორიტარულ ბიუროში გელით ადამიანებს, რომ განვიხილოთ, ვთქვათ, შრომის კოდექსის ესა და ეს მუხლი, ანუ პროექტებზე და კანონებზე მსჯელობა უნდა გასცდეს პარლამენტის შენობის ფარგლებს და ეს უნდა გახდეს საზოგადოების საქმე”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით, კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება პარლამენტში კვლავ შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:
“თუ პარლამენტი რაიმე მიზეზით დაჩქარებულად გადაწყვეტს პროექტის განხილვას, მაშინ გვექნება თხოვნა ყველას მიმართ, რომ იქნებ დაჩქარებულად ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ თუ პროექტების დაჩქარებულად მიღება გახდა წესი, ცხადია, ასეთი სიჩქარით ვერ მივალთ შედეგამდე”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ერთ–ერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაჩქარებული წესით კანონპროექტების მიღების საკითხზე პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.
“2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობის უმთავრესს ხარვეზს სწორედ მუშაობის სწრაფი ტემპი და პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა წარმოადგენდა, რაც, ერთი მხრივ, არღვევდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და, მეორე მხრივ, ამცირებდა სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას, ცალკეულ შემთხვევებში კი საერთოდ გამორიცხავდა ზემოაღნიშნულს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საიამ პარლამენტს 2012 წლის დეკემბერში მიმართა.
როგორც საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, არის რამდენიმე მაგალითი, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებშიც მოხდა კანონპროექტების მიღების დაჩქარება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა:
“ზოგადად, ამ წესის არსებობა არ არის ისეთი პრობლემა, როგორიც არის ამ წესის გამოყენების მიზანშეწონილობა კონკრეტულ შემთხვევაში. ეს წესი

გულისხმობს იმას, რომ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევაში და გადაუდებელი აუცილებლობის დროს პარლამენტს შეუძლია კანონპროექტი განიხილოს დაჩქარებულად, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და ეს გამონაკლისი არ უნდა იქცეს წესად. მე არ ვამბობ იმას, რომ ახალმა პარლამენტმა ეს გამონაკლისი წესად აქცია, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაჩქარებულად გადაწყდა კანონპროექტის მიღება, მაშინ, როდესაც ეს კანონპროექტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი იყო და ამის თვალსაჩინო მაგალითია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.
მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დასრულება, რაც კანონპროექტების დაჩქარებულად მიღების მიზეზად დასახელდა, შესაძლოა გამამართლებელ არგუმენტად ჩაითვალოს, თუმცა პარლამენტს მანამდეც ჰქონდა დრო, რომ კანონპროექტებზე ემუშავა და მათი დაჩქარებულად მიღება არ დასჭირვებოდა:
“მე არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად ყველა ადამიანი უნდა მონაწილეობდეს კანონპროექტების განხილვაში, მაგრამ მინიმუმ ის დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს საკითხი, ან რომლებიც ტრადიციულად მუშაობენ ამ საკითხზემ ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ. მაგალითად, იგივე უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვაში უნივერსიტეტები მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩართული. ეს რომ ასე არ მოხდამ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უნივერსიტეტები ამის წინააღმდეგ წავიდოდნენ და ამიტომ არ ჩართეს პროცესში. ეს სწორი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.
მისი თქმით, მისასალმებელია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ახალი ინიციატივა მაჟორიტარულ ოლქებში განხილვების ორგანიზებასთან დაკავშირებით:
“ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო საკითხებში, მათ ინფორმირებულობას, რადგან კანონებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანების ცხოვრებაში. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მოგვმართავენ და ამბობენ, რომ მცოდნოდა, რომ კანონში ეწერა, ამას არ დავარღვევდიო, ანუ ისინი არ არიან ჩართული პროცესებში. მე არ მგონია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, თუკი განხილვები გაიმართება, გაივსოს დარბაზი, რადგან ხშირად არც ინტერესდებიან ხოლმე კანონებით, მაგრამ ზოგადად ეს ინიციატივა მისასალმებელია”, – აცხადებს კოჟორიძე.
როგორც უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი, ახალი ხელისუფლების პერიოდში კი საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება:

“ძალიან სამწუხარო ტენდენცია არის ბოლო პერიოდში, როდესაც ხელისუფლება დაჩქარებული წესით იღებს იმ კანონპროექტებს, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვს, ამის მაგალითად შემიძლია დავასახელო ბოლო პერიოდში ადვოკატთა უფლებების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი დიდი ხნით ადრე იყო ინიცირებული, სულ რამდენიმე დღის განმავლობაში გაუუქმდათ და ჩამოერთვათ ადვოკატებს გარკვეული უფლებები
ერთი მხრივ, ისიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც კანონმდებლებს სჭირდებათ სწრაფი რეაგირება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არ უნდა იყოს საბაბი იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მოესპოს კონსულტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა”, – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. ის მოუწოდებს პარლამენტს, მაქსიმალურად უზრუნველყონ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა და გაითვალისიწნონ მათი რეკომენდაციები.
