კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ შენიშვნები კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფას ეხება. დეპუტატმა შს სამინისტროს წარმომადგენელს მოუწოდა, რომ თუ მოქალაქე პოლიციელს მიმართავდა, რომ მან ზნეობრივად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, პოლიციელს მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰქონოდა მოქმედების უფლება და არა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ის ჩათვლიდა, რომ რაღაც არაზნეობრივია. შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კანონპროექტში კორძაიას შენიშვნას გაითვალისწინებენ.
იზორიამ ასევე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ჯარიმა 300 ლარი ხდება მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობით ის სამუშაო ანაზღაურების მიხედვით განისაზღვრება:
“საზოგადოებრივი ზნეობის ცნება, რომელმაც ასეთი კითხვის ნიშნები გააჩინა, არსებობდა მოქმედ კოდექსში. არავითარი სიახლე არ არსებობს. უბრალოდ იყო ნორმა, რომელიც ამბობდა, რომ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქე საზოგადოების ზნეობის და ღირსების შემლახველად იქცევა, უნდა გააფრთხილოს ან დააჯარიმოს პოლიციელმა. ჩანაწერი დაჯარიმებასთან დაკავშირებით იყო ძალიან გაურკვეველი. სახელფასო უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ კი ფიქსირებული გავხადეთ ეს ჯარიმა. ამ ჩანაწერმა გამოიწვია კითხვები იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ზნეობა არის შეფასებითი კატეგორია და პოლიციელი ყოველ კონკრეტულ და ინდივიდუალურ შემთხვევაში იქნება უფლებამოსილი განსაზღვროს, რა არის უზნეო და ზნეობრივი. მაგრამ როგორც გითხარით, ეს მოქმედი ჩანაწერია, აქ არავითარი ინიციატივა ჩვენგან არ მომდინარებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.”
როგორც იზორია განმარტავს, ცვლილებები შედის ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქის გაჩერების ნაწილშიც. კერძოდ, მისი თქმით, “გონივრული ეჭვის“ საფუძველზე გაჩერების ღონისძიება ადამიანის გამოკითხვით იცვლება:
“დღეს განვიხილეთ “პოლიციის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც მოწონებულ იქნა. ერთ-ერთი სიახლე ამ კანონპროექტში არის ის, რომ კონკრეტული საპოლიციო ღონისძიება დეტალურად იქნა რეგლამენტირებული და ის მოქმედ კანონში არ იყო. პოლიციის ზოგადი უფლება-მოვალეობები იყო განსაზღვრული, მაგრამ კონკრეტულად რა შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედა პოლიციას, არ იყო გაწერილი. მაგ: მოქმედი კანონის მეცხრე პრიმა მუხლის თანახმად, გონივრული ეჭვის საფუძველზე პოლიციას შეეძლო შეეჩერებინა მოქალაქე თუ ქონდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ კი ეს შევცვალეთ იმით, რომ პირველი, პოლიციას ვუთხარით კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია შეაჩეროს მოქალაქე და არა ზოგადად, ე.წ გონივრული ეჭვის საფუძველზე. მეორე, ასევე განვუმარტეთ, თუ რისთვის აჩერებს. ესეც არ არის მოქმედ კანონში. მეტი განსაზღვრულობა შევიტანეთ, ერთი მხრივ, მოქალაქეების დაცულობის კუთხით და ასევე, პოლიციელების დაცულობის თვალსაზრისით, რადგან პოლიციას ამ განუსაზღვრელი ე.წ გონივრული ეჭვის საფუძველზე ძალიან ფართო არეალი ჰქონდა თვითნებური ქმედებების და თვითნებური საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისათვის. ჩვენი კონკრეტული რეგლამენტაციით, აი, ეს კონკრეტიკა შევქმენით, ადამიანის უფლებების დაცვისთვის“.
