“ქალბატონი თამარის პროფესიონალიზმში მე ეჭვი არ მეპარება ზოგადად, უბრალოდ მას მოუწია ძალიან არაპოპულარული კანონპროექტის (უმაღლესი განათლების შესახებ) გამოტანა და ეს მის კარიერაში ნამდვილად არ იქნება საამაყო. ეს ნამდვილად პროფესიონალი ადამიანი გაიმეტეს, რომ გამოეტანა ძალიან ცუდი და არაპოპულარული კანონპროექტი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მისი კარიერა”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ამჟამად დაკავებულ პოსტზე მისი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე შეცვლის. აღნიშნულის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85–ე წლისთავის აღნიშვნისას გამართულ ღონისძიებაზე “გურია ნიუსთან” საუბარში განაცხადა. არსებობს აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალაც.
გიორგი მარგველაშვილის თანამდებობის დატოვების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მას თანამდებობის დატოვებს არ ავალდებულებს, მარგველაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
გუშინ, 13 ივლისს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი შემცვლელის შესახებ კონსულტაციები გამართა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ვინაობა საჯაროდ არ დაასახელა და განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის მომავალი მინისტრის შესახებ უახლოეს დღეებში გახდებოდა ცნობილი.
