ახალი ამბები

კუჭავა: სამინისტროთა გაერთიანებით გარემოს დაცვა პრიორიტეტულობას კარგავს

29 ნოემბერი, 2017 • 2144
კუჭავა: სამინისტროთა გაერთიანებით გარემოს დაცვა პრიორიტეტულობას კარგავს

საქართველოს პარლამენტის კომიტეტთა გაერთიანებულ სხდომაზე “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებათა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარუდგინა.

ცვლილებების მხარდაჭერამდე, დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრების გაერთიანების ინიციატივამ გამოიწვია. მათი უმრავლესობა ორი სამინისტროს გაერთიანების წინააღმდეგია.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა მიიჩნევს, რომ ორი სამინისტროს გაერთიანებით გარემოს დაცვა პრიორიტეტულობას კარგავს. კუჭავასთვის გაუგებარია, რატომ უქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, როცა მას სხვა უწყებებთან შედარებით ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს. მისი თქმით, როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი ერთ უწყებაში ხვდება, ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე იქმნება.

„გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში მიდგომა არასწორია. ის პრიორიტეტულობას დაკარგავს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს სამინისტრო მაქსიმალურად გავაძლიეროთ. იმ რეალობის გათვალისწინებით, რა რეალობის წინაშეც საქართველო გარემოს დაცვის კუთხით დგას, არ შეიძლება მისი რომელიმე სამინისტროსთან შეერთება“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

იმავეს ფიქრობს დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ინიციატივა მიზანშეუწნელია, რადგან სამინისტროები  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მუშაობენ. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მათმა გაერთიანებამ, შესაძლოა, გარემოს დაცვის კომპონენტი შეასუსტოს, რაც ასოცირების ხელშეკრულების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამავდროულად, ეკონომიკის სამინისტროში გადადის ბუნებრივი რესურსების მართვის ნაწილი. ახალ უწყებას გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო დაერქმევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი