თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საჩივარზე არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პატიმრობიდან გათავისუფლდება.

საუბარია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საჩივარს ეხება.

მოუწევს თუ არა ხელისუფლებას მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება? ჟურნალისტის ამ კითხვაზე წულუკიანმა უპასუხა:

“რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი.  დღეს ის წინასწარ პატიმრობაში არ არის, სასჯელს იხდის, მაგრამ რომც ყოფილიყო წინასწარ პატრიმრობაში…ამ წინასწარ პატიმრობაზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ  იყო კანონიერი.  შესაბამისად, ასეთი პატიმარი ვერ გამოდის ციხიდან, როდესაც მისი პატიმრობა კანონიერად არის ცნობილი”.

რაც შეეხება შესაძლო ხელახალ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით  – იუსტიციის მინისტრმა ამაზე განაცხადა, რომ ეს საკითხი უნდა განიხილონ მინისტრთა კომიტეტთან გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. წულუკიანმა დასძინა, რომ მისთვის მეორეხარისხოვანია ციხიდან გაყვანის ეპიზოდი, რადგანაც მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ “ვანო მერაბიშვილი ვეღარასოდეს ვერ იტყვის,  რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა იყო”.

“მთავარი ჩემთვის, როგორც მხარის წარმომადგენლისთვის, არის ის, რომ ვანო მერაბიშვილი ვეღარასდროს, და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, ვერ იტყვის, რომ ის იყო პოლიტიკურად დაპატიმრებული, ან მის წინააღმდეგ დევნა იყო პოლიტიკური შეფერილობის, რადგან შავით თეთრზე 17-მა მოსამართლემ სტრასურგში დაწერა საწინააღმდეგო და თქვა, რომ ეს ასე არ იყო. რაც შეეხება, ფარცხალაძის ეპიზოდს, იქ ხმები გაიყო. 9 მოსამართლემ მიიჩნია, რომ გაყვანის ფაქტს ჰქონდა ადგილი, 8 მოსამართლემ მიიჩნია, რომ გაყვანას რომც ჰქონოდა ადგილი,  მას კითხვები სავარაუდოდ დაუსვეს სააკაშვილზე ან ჟვანიაზე, ეს ვერ იქნება მე-18 მუხლის დარღვევა, რადგან უმცირესობაში დარჩენილმა 8 მოსამართლემ თქვა  განსხვავებულ აზრი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ სპონტანურად გამოიყენა პატიმრობის ფაქტი იმისთვის  რომ სხვა საქმეები გაეხსნა”.

28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ  გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი