ახალი ამბები

შსს-ს საქმიანობას აუდიტის სამსახური შეისწავლის

28 ნოემბერი, 2017 • 2359
შსს-ს საქმიანობას აუდიტის სამსახური შეისწავლის

ინფორმაციას ამის თაობაზე თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი შეცვალა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ. მანამდე არაერთი ინფორმაცია გასაჯაროვდა, მათ შორის აუდიტის სამსახურის დასკვნების მიხედვით, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოში ადგილი ჰქონდა კონკრეტულ კომპანიებზე მორგებულ ტენდერებს, რომლის შედეგად სახელმწიფო შესყიდვებს შსს ახორციელებდა სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილი ფირმიდან. სამთავრობო რეორგანიზაციის შედეგად უქმდება სპორტის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი