ახალი ამბები

ქორეპისკოპოსი იაკობი: ამერიკა ჩვენი ყველაზე სანდო და ძლიერი პარტნიორია

27 ნოემბერი, 2017 •
ქორეპისკოპოსი იაკობი: ამერიკა ჩვენი ყველაზე სანდო და ძლიერი პარტნიორია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ აშშ არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემაკავებელი ფაქტორი. მან ეს განცხადება გააკეთა აშშ-ში, სადაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობენ.

“მე ვფიქრობ, ჩემი აზრია და ალბათ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, გვნახონ ჩვენ, გაგვიცნონ. ჩვენზე ახლა ათასი ჭორ-მართალი ითქმება ხოლმე და მიგვაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს და საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას,” – განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ყველაზე სანდო და ძლიერი პარტნიორია.

“მერწმუნეთ, ეკლესია ძირითადი, ქართული ვექტორიდან არ გადავუხვევთ. დღეს ამერიკაში სწორედ იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორია, ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ჩვენ გვჯერა, რომ წესიერი ურთიერთობებით, არა ტყუილებით და არა თამაშებით, მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება საქართველოს,”- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კონფერენცია, რომელშიც ქართველი სასულიერო პირები მონაწილეობენ, აშშ-ში 28 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური ლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები შეხვდებიან სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს. აშშ-ში ვიზიტი განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

CDD-ს ცნობით, დელეგაცია ეწვევა თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკასა და მოინახულებს იქ დაცულ ქართულ არქივს, შეხვდებიან ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის კონგრესმენებთან. ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი