გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ის არცთუისე ცუდი დეპუტატია:

 

“რამდენიმე თვეა ჩემს მიმართ, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ, პრესაში, მედია საშუალებებში ვრცელდება ბრალდებები,  რომლის მიხედვითაც ზოგი ჟურნალისტი, ზოგი მოქალაქე, ამბობენ, რომ მაჟორიტარი არ მუშაობს, არ ჩანს, მოსახლეობას არ ხვდება, შესულია კორუფციულ გარიგებაში “ნაციონალებთან”. მე კონკრეტული ციფრებით ვარ მოსული. მაჟორიტარი ბიურო გაიხსნა 2012 წლის 14 ნოემბერს. ამ დრომდე ჩატარდა 28 მიღება, როგორც პარლამენტში, ასევე ბიუროში. მე პირადად შევხვდი 3 153 მოქალაქეს. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 283 მოქალაქის თხოვნა, ნაწილობრიც დაკმაყოფილდა 311 მოქალაქის თხოვნა, 200 ზე მეტს პირს გაეწია იურიდიული და ეკონომიკური კონსულტაცია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე ვამაყობ ჩემი ბიუროს მუშაობით და მე არცთუისე ცუდი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დეპუტატი მეგულება პარლამენტში, როგორც უმრავლესობაში, ისე უმცირესობაში, ვინც 3153 მოქალაქესთან არის შეხვედრილი. აქ არ არის აღრიცხული ის არაოფიციალური შეხვედრები ქუჩაში, სახლებში, ბინებში და თქვენ წარმოიდგინეთ “ბირჟებზე” წუჩებში, სადაც მე ინტენსიურად მაქვს მოქალაქეებთან…”

 

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ “ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, მის მიმართ ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავენ:

 

“ვინმე ზურაბ ხუბულაშვილი, “სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი, ახალი ვარსკვლავი, როგორც ჩანს, ინტერვიუში ამბობს, რომ ქუთაისელებისგან გავიგე, რომ გუბაზ სანიკიძემ წილები გადაიფორმა “ნაციონალური მოძრაობისგან” ქუთაისში და მე თურმე ბიზნეს წილები მაქვს ქუთაისში. ბატონ ზურაბს მოუწევს ამაზე სასამართლოში პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ვაპირებ სარჩელი შევიტანო ჭეშმარიტების დადგენისთვის. ეს არის გეგმაზომიერი შემოტევა ჩემი პერსონის მიმართ. ჩემი პერსონის მიმართ დგას ძალიან სერიოზული ძალა, “ეროვნული ფორუმი” და ეს ამავე დროს “ეროვნული ფორუმის” დისკრედიტაცია არის. პარტია არ აპირებს რეაგირების გარეშე დატოვოს ასეთი ცილისწამებები. “

 

სანიკიძის თქმით, “ქრონიკაში ” მეორე სტატიაც იყო:

 

“რაც შეეხება ქალბატონი დალი ბარაბაძის ინტერვიუს, რომელიც არის ჟურნალისტიდა რომლის სტატია “ქრონიკაში” გამოქვეყნდა. ქალბატონი დალი იქ უაპელაციოდ მაბრალებს მე, რომ შევედი ვინმე ხვადაგიანთან, საკრებულსო ყოფილ თავმჯდომარესთან კოჰაბიტაციაში და თითქოს და მე და ბატონი ხვადაგიანი ვართ მეგობრები და აქვს ასეთი არგუმენტი მოყვანილი, რომ თითქოს ქალბატონ დალის ერთიანი ძალებით ვებრძვით და მის საზოგადო მოღვაწეობას და თითქოს მე ვიყავი პერსონა, რომელიც მინდა ჟარგონი ვიხმარო, “ვჩალიჩობდი”, რომ ხვადაგიანი გადამეყვანა “ოცნებაში. ჯერ ერთი ეს ჩემი კომპეტენცია არაა და მერე მეორე, “ფორუმელმა” როგორ უნდა გადავიყვანო “ოცნებაში” “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი? ბატონ ხვადაგიანს მე სახეზე არ ვიცნობ, ქუჩაში რომ შემხვდეს ვერ ვიცნობ. “

 

სანიკიძე აცხადებს, რომ დალი ბარაბაძე ქალია და ჩივილისგან თავს შეიკავებს:

 

“მე მას არ ვუჩივლებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად აბდაუბდას საუბრობს და მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსისთვის ვიბრძვით ყველანი, მე მაინც ანგარიშს ვუწევ იმას, რომ ის არის ქალბატონი და ჯერჯერობით თავს შევიკავებ. სამომავლოდ ქალბატონ დალისაც ვურჩევ, თუ ტალახის სროლას გადაწყვეტს, უკეთესაც მოემზადოს. “

 

სანიკიძე განმარტავს, რომ “ეროვნული ფორუმი” თავდაცვის რეჟიმში გადადის და ხშირად შეტევაზეც გადავა:

 

“დიდსულოვნება ჩვენს ქვეყანაში არ ფასდება დიდი ხანია, დუმილი არ ითვლება ოქროდ და რახან არ ითვლება ოქროდ, კი ბატონო, მზად ვართ ყველაფრისთვის, გავხსნათ სეზონი, იმიტომ რომ უნდა გადაეჩვივნონ ადამიანები პოლიტიკოსებზე უაზრო ტალახის სროლას. ჩვენ ჩვენი ცოდვები გვეყოფა და ზედმეტს ნუ დაგვაბრალებს ნურავინ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *