ახალი ამბები

მოგზაურობა მხოლოდ ID ბარათებით და საქართველო-უკრაინის პრემიერების მოლაპრაკების სხვა დეტალები

27 ნოემბერი, 2017 • 4186
მოგზაურობა მხოლოდ ID ბარათებით და საქართველო-უკრაინის პრემიერების მოლაპრაკების სხვა დეტალები

დღეს, 27 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ვოლოდიმირ გროისმანი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდნენ და პრესისთვის განცხადებები გააკეთეს, სადაც ძირითადად ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.

უკრაინის დელეგაცია აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება.

კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს ორ მემორანდუმს, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.

“უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მკაცრად ვგმობთ  ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და  ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვოლოდიმირ გროისმანმა კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართელოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველაფერს გააკეთებენ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რომ გააძლიერონ ეს მხარდაჭერა.

მისივე თქმით, საქართელოსა და უკრაინას შორის ID ბარათების აღიარება უნდა მოხდეს, რათა მიმოსვლა გამარტივდეს:

“ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს,”- განაცხადა პრემიერმა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურს კითხვით, თუ რა იგულისხმება ID ბარათების აღიარებაში. მათ განმარტეს, რომ ჯერ უცნობია, როგორი პროცედურები იქნება, ვინაიდან დღეს პირველად, მხოლოდ იდეის დონეზე გახმიანდა ეს საკითხი.

გროისმანმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებსაც შეხვედრაზე შეეხნენ, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე:

“მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში – აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით. ასევე ვისაუბრეთ ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. მინდა, ბატონ პრემიერ0მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო.

შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი