ახალი ამბები

რის შესახებ ისაუბრეს კვირიკაშვილმა და ტერეზა მეიმ

24 ნოემბერი, 2017 • 1239
რის შესახებ ისაუბრეს კვირიკაშვილმა და ტერეზა მეიმ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ნატოში გაწევრებაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საუბრისას აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი, პოზიტიურად შეაფასეს ლონდონში ახლახან გამართული “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი”, რომლის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე; ასევე – ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ცნობით, ტერეზა მეი შეხვედრაზე ასევე გამოეხმაურა 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი სპეცრაზმელის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი