ახალი ამბები

პროკურატურამ ივანიაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

11 ივლისი, 2013 • • 1063
პროკურატურამ ივანიაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

“2013 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან ჩვენების მიცემისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში. 

 

შემჭიდროებულ ვადებში გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად საქმეზე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და მამუკა ივანიაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე, რომელიც 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს, 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მისი განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი პროკურატურისათვის მიცემული საჭირო ჩვენება გახდა, რომელიც მას  ზეწოლის შედეგად დააწერინეს. 

 

ამის შესახებ განცხადება მამუკა ივანიაძემ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

 

ივანიაძე ამბობს, რომ 23- გვერდიანი ჩვენება პროკურორის – გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. მისი განცხადებით, იძულებით მიცემული ჩვენების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერთიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი