გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატია. მოქმედი კანონმდებლობა მას არ ავალდებულებს წინასაარჩევნო პერიოდში გადადგეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობიდან, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ამის გამო საპრეზიდენტო კანდიდატი არ იკავებდეს თანამდებობას.
“ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ აი, ეს უბედურებები, რაც გვახლდა ბოლო წლების განმავლობაში, ყოველთვის სახელმწიფო რესურსი ხმარდებოდა კანდიდატს, აი, ეს კითხვები აღარ დარჩეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა მონაწილეს, ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო რესურსი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

