სამინისტროს ცნობით, საუბარია ეკომიგრანტ 144 ოჯახზე, რომელთა ნაწილი წალკიდან ბათუმში ჩავიდა, რადგან მათივე თქმით,  წალკაში არც საკმარისი მიწა გააჩნიათ და შიში აქვთ, რომ ბერძნები (რომლის სახლებშიც ცხოვრობენ) სახლების დაცლას მოითხოვენ. სამინისტროს ინფორმაციით, ეკომიგრანტებმა საცხოვრებელი ფართით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება აჭარის ტერიტორიაზე მოითხოვეს.  

 

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა დავით დარახველიძემ ეკომიგრანტებს საკითხის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა:

 

“კერძოდ, აჭარის მთავრობის მეთაურთან შეთანხმებით, აჭარის მთავრობა მათ ერთი თვის ბინის ქირას გადაუხდიდა (კარავში რომ არ ეცხოვრათ), პარალელურად კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წალკის მუნიციპალიტეტთან და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მათ  პრობლემებს წალკაში შეისწავლიდა და შეეცდებოდა პრობლემა ადგილზევე მოგვარებულიყო. პარალელურად, აჭარის მთავრობა განიხილავდა, რა ალტერნატივა და შესაძლებლობა არსებობს აჭარის ტერიტორიაზე მათი საბინაო პრობლემების გადასაწყვეტად. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდებოდა დრო.”

 

სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა წალკაში 2 კვირა იმუშავა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლები. სამინისტროს მიერ წალკის მუნიციპალიტეტში მივლენილ ჯგუფს დავალებული ჰქონდა 144  ოჯახის მდგომარეობის შესწავლა ქალაქ წალკაში და წალკის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფმა სრულად შეისწავლა 132 ოჯახის მდგომარეობა, 12 ოჯახის ნახვა ადგილზე ვერ მოხერხდა, თუმცა, მეზობლების ახლობლებისა და სოფლის რწმუნებულის დახმარებით, მოგროვდა გარკვეული ინფორმაცია:

 

“შესწავლილი 132 ოჯახიდან 54 ოჯახს (მათივე განცხადებით) აქვს გეოლოგიური დასკვნა მათი საცხოვრებელი სახლის ეროზიული მდგომარეობის შესახებ; 28 ოჯახი დაფიქსირებულია სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და გააჩნიათ დაზარალების კატეგორია; 50 ოჯახი წალკის მუნიციპალიტეტში ჩამოსახლდა თვითნებურად სხვადასხვა მიზეზით (გაფართოება, ეკონომიკური პრობლემები და მიწის ნაკლებობა). აღნიშნული 132 ოჯახიდან 13 ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ სახლში, შესაბამისად, მათ გამოსახლების არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ; 1 ოჯახი ცხოვრობს საკუთარ სახლში; დარჩენილი 117 ოჯახი ცხოვრობს ადგილობრივი ბერძნების სახლებში (რომლებიც იქ თავად, ინდივიდუალურად, სახლის მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად ჩავიდნენ). ჯგუფმა დაადგინა, რომ რამდენიმე შემთხვევას მართლაც ჰქონდა ადგილი, როცა დაბრუნებულმა ბერძნებმა ე.წ. ეკომიგრანტებს სახლის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა, აღნიშნულს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია”, – აცხადებენ სამინისტროში.  

 

სამინისტროს ცნობით, გამოკითხული ოჯახების 100%, რომლებიც დღემდე  ბერძნების სახლებში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ მათ სახლების მეპატრონეებისგან ან შუამავალი პირებისგან უკვე მიიღეს გაფრთხილება, რომ დაცალონ საცხოვრებელი სახლები, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მათი გამოსახლების პრობლემა არ დგას და ეს არის მხოლოდ ვარაუდი. 

 

“რაც შეეხება მათ მოთხოვნას აჭარაში ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ოჯახები აჭარაში საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილოს. აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

თავის მხრივ, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ეკომიგრანტებს უცხადებენ, რომ მხოლოდ ლტოლვილთა სამინისტროს შეუძლია მათი პრობლემის მოგვარება. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, 2004 წლიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სტიქიით დაზარელებულებისთვის  შეიძინა 1079 სახლი  სხვადასხვა რაიონში (წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, ლაგოდეხი, ახმეტა, ნინოწმინდა).

 

“აღნიშნულ  ოჯახებს არანაირი საფრთხე ემუქრებათ, რადგანაც ისინი სახელმწიფოს მიერ შესყიდულ სახლებში ცხოვრობენ. რაც შეეხება საკუთარი სურვილით ჩასულ ოჯახებს, წალკისა და ნინოწმინდის რაიონებში აჭარიდან საცხოვებლად ჩავიდა დაახლოებთ 3 000 ოჯახი. მათ პირადი ურთიერთობა ჰქონდათ სახლების მეპატრონე ბერძენ მოქალაქეებთან და იქ ჩასვლა და ჩასახლება მოხდა დამოუკიდებლად, თუმცა, სამინისტრო მათ პრობლემებსა და საჭიროებებსაც სწავლობს და მუშაობს აღნიშნული პრობლემების მოგვარებისა და მოწესრიგების შესაძლებლობებზე”, – აცხადებენ სამინისტროში.

ეკომიგრანტების აქცია ბათუმში 3 ივლისი
ეკომიგრანტების აქცია ბათუმში 3 ივლისი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *