ახალი ამბები

თსუ–ს რექტორობა ამ დროისთვის 6 პირს სურს

10 ივლისი, 2013 • • 1359
თსუ–ს რექტორობა ამ დროისთვის 6 პირს სურს

უნივერსიტეტის პრესსამსახური ასევე ავრცელებს თსუ–ს პროფესორის დავით ბოსტოღანაშვილის ინფორმაციას,
რომლის მიხედვითაც “ამ დროისთვის ექვსმა პირმა შემოიტანა განცხადება: ვლადიმერ პაპავამ, ნონა წოწერიამ, თამაზ კალაძემ, გიორგი ქავთარაძემ, გიორგი ბარამიძემ და ილია თავხელიძემ.  კომისია განიხილავს შემოსული კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. განაცხადების მიღება 12 ივლისს, 18.00 საათამდე გაგრძელდება.  მას შემდეგ, რაც რეგისტრირებულ კანდიდატთა სია გახდება ცნობილი,  საბუთები აკადემიურ საბჭოს  გადაეცემა განსახილველად”.

 

თსუ რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს, 14.00 საათზე გაიმართება.  ახალი რექტორი აირჩევა ფარული კენჭისყრით. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას მიიღებს.  რექტორის არჩევნებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

 

თსუ–ს რექტორის არჩევნების ჩატარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ 2013 წლის 12 ივნისს მოქმედი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი თანამდებობიდან გადადგა და უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარჩა. ამ ფაქტს წინ უძღოდა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ შეიძლება იყოს დოქტორის ხარისხის არმქონე პირი, ასევე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს პრემიერ–მინისტრი. კანონში ცვლილების მიღება პარლამენტში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რის გამოც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კვიტაშვილის გადადგომის შემდეგ კვლავ აკადემიურმა საბჭომ აირჩია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი