ახალი ამბები

სასამართლომ კახა გეწაძე უდანაშაულოდ ცნო

10 ივლისი, 2013 • 2425
სასამართლომ კახა გეწაძე უდანაშაულოდ ცნო

გამოძიება კახა გეწაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზებაში, ხოლო გივი არაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავებოდა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავდროულად სატენდერო კომისიის თავმჯდომარე გივი არაბიძემ იმ დროისათვის ზესტაფონის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატის კახა გეწაძის ახლობლის, ფილიმონ ღაღანიძისათვის უპირატესობის მისაღებად, სახელმწიფო შესყიდვების წესის განხორციელების დებულების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეასრულა კახა გეწაძის დავალება და 2010 წლის 7 დეკემბრის 14:00 საათზე არ დააფიქსირა დასრულებულად სატენდერო წინადადებების მიღება, დაგვიანებით მიიღო ფილიმონ ღაღანიძის განაცხადი, რითაც საშუალება მისცა ამ უკანასკნელს, მონაწილეობა მიეღო ტენდერში შპს “ბახტურიძე და კომპანიის” სახელით, ამის შედეგად ფილიმონ ღაღანიძემ კონკურენტ კომპანიასთან გამართულ ვაჭრობაში გაიმარჯვა ორ ლოტში და გაუფორმდა ხელშეკრულება.

 

კახა გეწაძე
კახა გეწაძე

სასამართლოს ცნობით, საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა.

 

კახა გეწაძის მიმართ გამოძიება სხვა საქმესაც აწარმოებდა. იგი გასული წლის 29 ნოემბერს დააკავეს და ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის III ნაწილით, 118 -ე მუხლის III-ე ნაწილითა და 187-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისმობს “ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას”, “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა” და “სხვისი ნივთის დაზიანებას”.

 

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის 22 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში კლუბ „ზესტაფონის” გამარჯვებასთან დაკავშირებით ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში, თ. კ.-ს ოჯახში გაიმართა ბანკეტი, რომელზეც იმყოფებოდა იმჟამად პარლამენტის წევრი კახა გეწაძე და რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და გამოირჩეოდა აგრესიითა და ქედმაღლობით.

 

პროკურატურის ცნობით, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე სტუმრების ნაწილმა დატოვა სუფრა და გავიდა ეზოში. ჯერ კიდევ წვეულების მიმდინარეობისას გამოვლენილი ცინიკური განწყობის დემონსტრირების მიზნით კახა გეწაძე გადავიდა აქტიურ მოქმედებებზე, კერძოდ, მან გ. შ. აიტაცა ხელში და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო როცა შ.-მ მოახერხა, გამოსცლოდა ხელიდან, კახა გეწაძემ ხელი ჰკრა შ-ს, დაუწყო დედის მისამართით გინება და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეგრულ წარმოშობაზე მითითებით. გაშველების მიზნით კონფლიქტში ჩაერთნენ მ. ფ., გ. ა., გ. კ., ა. დ. და გ. ა., რომლებმაც კახა გეწაძეს თხოვეს დამშვიდებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა მათ თხოვნას და არაფრად ჩააგდო გარშემო მყოფი საზოგადოება, პირიქით, გ. კ.-ს ხელი გაარტყა სახეში, წააქცია ეზოში არსებულ მანქანის სავალ ზოლზე, წაქცეულს ფეხში ჩაარტყა ფეხი და მიაყენა მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის ორგოჯოვანი მოტეხილობა, ტერფის ქვეამოვარდნილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამასთან, ა. დ.-ს რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, რითაც მას მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა სისხლნაჟღენთების სახით.

 

პროკურატურის ცნობით, კახა გეწაძემ, რომელიც იქცეოდა უკიდურესად თავშეუკავებლად, ა. დ.-ს  შემოახია პიჯაკი და პერანგი, ხოლო შემდეგ საკუთარი მანქანიდან ამოიღო მასზე განპიროვნებული „CZ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარი რამდენჯერმე დაარტყა იმერეთის მხარის ადმინისტრაციის კუთვნილ „TOYOTA PRADO”-ს მოდელის ავტომობილის საქარე მინას, რომლის დაზიანებით სახელმწიფოს 1550 ლარის ზიანი მიადგა. გ. ა.-მ შეძლო კახა გეწაძისთვის იარაღის წართმევა, რის შემდეგაც კახა გეწაძე მივიდა ავტომანქანაში მოთავსებულ გ. კ.-თან და ფეხი კვლავ ჩაარტყა მოტეხილ ფეხში.

 

ამ საქმეზე კახა გეწაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა 2012 წლის 1 დეკემბერს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე არსებითი განხილვა 2013 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” განუმარტეს სასამართლოში, ამ საქმის არსებითი განხილვა არ შემდგარა, რადგან პროკურატურამ ამ ეტაპამდე მოუხსნა ბრალი გეწაძეს იმ მოტივით, რომ აღნიშულ მუხლებს ამნისტია შეეხო.

მასალების გადაბეჭდვის წესი