ახალი ამბები

კალაძე: სპეცოპერაციისგან დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართებით უზრუნველვყოფთ

22 ნოემბერი, 2017 • 2166
კალაძე: სპეცოპერაციისგან დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართებით უზრუნველვყოფთ

გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას და საზოგადოება იქნება ინფორმირებული მომხდარის შესახებ. მწუხარებას გამოვთქვამ სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ყველაზე მთავრი და მნიშვნელოვანია, რომ სრულად არის დაცული ჩვენი მოქალაქების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე ან მიმდებარე კორპუსებში, გვინდა დავამშვიდოთ, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. მერია, რასაკვირველია, იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის საჭირო ფართებს. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვთ დროებითი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელში გადაყვანა. ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას შემდეგ ნომერზე: 2 37 50 29, 599 53 70 40, ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე ნომერზე 2 72 22 22 ,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა.

ამ დრომდე ოფიციალურად დასტურდება სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია ინგოროყვას კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი