ახალი ამბები

ბარბარე რაფალიანცის დეიდა: სიცრუის დეტექტორით დაგვკითხეს

9 ივლისი, 2013 • 1428
ბარბარე რაფალიანცის დეიდა: სიცრუის დეტექტორით დაგვკითხეს

“სამი დღის გამოშვებით მივყავიდით ოჯახის წევრები მოდულის შენობაში. მე, ბავშვის დედა, მამა, დედაჩემი და ბიძა. სკამზე დაგვსვეს, თითების დაბოლოებებთან შეგვაერთეს სიცრუის დეტექტორს და კითხვებს გვისვამდნენ. მაგალითად, თქვენ მოკალით თუ არა ბავშვი და ა.შ.”- ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დეიდა. მისივე თქმით, პასუხები გადასამოწმებლად გერმანიაში გაიგზავნა. 


10 თვის გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა. 


აღნიშნულ საკითხზე დღეს, 9 ივლისს მედიასთან საუბარში მთავარმა პროკურორმა და შს მინისტრმა კომენტარები გააკეთეს. 


შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას საქმე ჩიხში შესული დახვდა, რამაც გაართულა საქმის გამოძიება. 


“წინა ხელისუფლების დროს ეს გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე დასკვნების გაკეთება მოგვიანებით შეგვეძლება. არ იქნა დროულად გამოძიებული ცხელ კვალზე. ძალიან რთული იყო და რთული გახდა ამ ფაქტის დროულად გამოძიება. მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიძიებთ. არავითარ საჭიროებას ვერ ხვედავ, რომ ეს საქმე პროკურატურას გადაეცეს, არ არსებობს,”- განაცხადა დღეს შს მინისტრმა.


გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მოთმინებისკენ მოუწოდა არჩილ კბილაშვილმაც.


“უწყების შეცვლა არ არის წარმატების წინაპირობა. მე ვიცი, რომ შსს არ იშურებს ძალღონეს იმისთვის, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნეს, მაგრამ არის ობიექტური სირთულეები, რომელსაც აწყდება გამოძიება და ეს არ შეიძლება მიეწეროს უწყების არადამაჯერებელ საქმიანობას. ასე რომ, კვლავ მოვუწოდებთ ოჯახს და საზოგადოებასაც, რომ მოთმინებით დაელოდონ ამ საქმის გამოძიებას”, – განაცხადა კბილაშვილმა დღეს, 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს ქვევრში ნაპოვნი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ისევ გამოძიების მოლოდინში არიან.

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა გასული წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს იპოვეს ქვევრში დამხრჩვალი. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის ამჟამინდელი მაჟორიტარი “ნაციონალებიდან” გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში, რაც მაშინვე უარყო ღვინიაშვილმა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საქმე, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

 

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში ამ თემის კომენტირებისას თქვა, განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ბავშვის გარდაცვალების გარემოებები, ნაჩქარევი იყო. 

 

“სამწუხაროდ, ამ უბედური შემთხვევიდან არ მოხდა სწრაფი რეაგირება, არ მოხდა საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება, რამაც გამოძიება ამ ეტაპისთვის მიიყვანა ჩიხში. ამ ეტაპისთვის გამოკვეთილია სერიოზული გარემოებები, ამიტომ მე ჯერ თავს შევიკავებ და არ გავაკეთებ დამატებით კომენტარს,”- განაცხადა მაშინ მინისტრმა.

 

10 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მოგვიანებით მინისტრი ბავშვის ოჯახსაც შეხვდა და როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.

 

როგორც ბავშვის დეიდამ, დალი მექერიშვილმა მაშჲნ ნეტგაზეთთან საუბარში თქვა, მათ თავად მიმართეს შსს-ს განცხადებით, რომლითაც ითხოვდნენ ღარიბაშვილთან შეხვედრას საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე სასაუბროდ.

 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი