ახალი ამბები

სუსი: კონტრტერორისტული ოპერაციისას მიყენებული ზარალი მოსახლეობას აუნაზღაურდება

22 ნოემბერი, 2017 •
სუსი: კონტრტერორისტული ოპერაციისას მიყენებული ზარალი მოსახლეობას აუნაზღაურდება

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციისას მიყენებული მატერიალური ზარალი მოსახლეობას სრულად აუნაზღაურდება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

უწყების პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა იმ  კორპუსის სადარბაზოდან,  რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან.

უწყებაში ასევე დაადასტურეს ინფორმაცია სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ეპიცენტრში პოლიციის რაოდენობა მატულობს. ცოტა ხნის წინ ადგილზე ჯავშანტექნიკაც გამოჩნდა. ახლომდებარე კორპუსებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, ღამის განმავლობაში კი გათიშული იყო ელექტროენერგიაც. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავები ორი პირის დაკავებას ცდილობენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ინფორმაცია დაუდასტურებელია.

ეპიცენტრიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, იქვე მდებარე 97-ე საჯარო სკოლაში კი სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. როგორც “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მოსწავლეთა მშობლები სპეცოპერაციის დაწყებისას გააფრთხილეს, რომ სკოლაში არ გამოცხადებულიყვნენ.

ასევე ევაკუირებულია ახლომდებარე #16 , #86 და #109 საბავშვო ბაღები, საიდანაც აღსაზრდელები და თანამშრომლები ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა კახა გვანცელაძემ დაუდასტურა. #16 ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას დაუკავშირდნენ საბავშვო ბაღიდან და უთხრეს, რომ წაეყვანათ ბავშვი ბაღიდან.

სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი