ახალი ამბები

სპეცოპერაციისას დაზარალებულებს 500-500 ლარი ტანსაცმლის საყიდლად გადაეცათ – კალაძე

8 დეკემბერი, 2017 • 2065
სპეცოპერაციისას დაზარალებულებს 500-500 ლარი ტანსაცმლის საყიდლად გადაეცათ – კალაძე

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ტერიტორია თბილსერვის ჯგუფმა დაასუფთავა, დღეს კი მერიის ლაბორატორიამ აფეთქებების შედეგად დაზიანებული კორპუსის ვარგისიანობის შესწავლა დაიწყო.

თბილისის მერიამ გასულ კვირას დაზარალებულებს ერთჯერადად 500-500 ლარი გადასცა, რასაც არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კახა კალაძემ დღეს ამ საკითხის შესახებ განმარტებები გააკეთა.

“არცერთ დაზარალებულს აქვს პრეტენზია. ეს ადამიანები გაგებით მოეკიდნენ ყველაფერს – არსებულ სიტუაციასა და მდგომარეობას. პირველივე წუთიდან ისნის გამგეობა და პირადად გამგებელი იყო ამ ადამიანებთან ერთად. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ თბილისის მერიას და ისნის გამგეობას დაზარალებულებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

დღეს დილიდან მერიის ლაბორატორია შეამოწმებს კორპუსის არსებულ მდგომარეობას, რამდენად ვარგისია ის რეაბილიტაციისთვის. როდესაც ჩვენ გვექნება დასკვნა, აუცილებლად დავიწყებთ სამუშაოებს. თუ დასკვნა მოგვცემს საშუალებას, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კორპუსს და საცხოვრებელი ბინები დაუბრუნდება პირველად სახეს. ყველაფერს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია და ცენტრალური ხელისუფლება. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება.

რაც შეეხება 500 ლარს, ეს თანხა იყო გამოყოფილი 2 თუ 3 ოჯახისთვის, ვისაც კონკრეტულად საცხოვრებელი ფართი დაეწვა და რაც კი გააჩნდათ… ელემენტარული ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათ ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები და იმისთვის, რომ მათი პატარებისთვის ტანსაცმელი ეყიდათ, იმისთვის იყო გამოყოფილი ეს თანხა,” – აცხადებს დედაქალაქის მერი.

მისი განცხადებით, ყველა ხარჯს თბილისის მერია საკუთარ თავზე იღებს – იქნება ეს კორპუსის რეაბილიტაცია, ბინების კეთილმოწყობა თუ სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი