ახალი ამბები

კალაძე: მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებულ კამერებს შსს გააკონტროლებს

21 ნოემბერი, 2017 • 2224
კალაძე: მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებულ კამერებს შსს გააკონტროლებს

კახა კალაძის განცხადებით, ვიდეოკამარები, რომლებიც თბილისში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერებში იქნება ჩართული. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მერობის პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება ან იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული:

“ჩემი მერობის პირობებში, თუ მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება, იჯარით გადაცემა მოხდება, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში ჩაიდება და მისი მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. იგივე თუნდაც განათება, სისუფთავე და კამერების დამონტაჟება.”

მისი თქმით, გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში პირველი პროექტი განხორციელდება, სადაც ანტივანდალური კამერები განთავსდება, რათა მოქალაქეებმა ღამის სანათები არ დააზიანონ და ტერიტორია არ დააბინძურონ.

“ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას, დასუფთავებას, მოპირკეთებას ვაპირებთ, რათა გადაადგილებით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა, რომ ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეები გადადიოდნენ იქ, სადაც საშიშროება არსებობს, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება. ინდივიდუალურად გვექნება მოიჯარეებთან გასაუბრება. მიხარია, რომ ისინი გვერდში გვიდგანან და იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება კამერებს, შსს-ს სერვერებში იქნება ჩართული, ინდივიდუალურად გავივლით ყველა მესაკუთრესთან აღნიშნულ საკითხს და გადაწყდება, თუ ვინ უნდა აიღოს მისი ხარჯები საკუთარ თავზე,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ პრობლემებზე. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ნაგავსაყრელი მძიმე მდგომარეობაშია და მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, ნარჩენების მართვას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს, ხოლო ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელება აუცილებელია. როგორც კალაძე ამბობს, თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგებისთვის მუშაობას დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი