ახალი ამბები

კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ

21 ნოემბერი, 2017 • 2044
კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ

კახა კალაძის თქმით, მერია ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგებისთვის მუშაობას დაიწყებს. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ნაგავსაყრელი მძიმე მდგომარეობაშია და მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელება აუცილებელია:

„ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს და გამოსწორდეს. ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა
მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონკეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ნაგავსაყრელის მოწესრიგება ამაზე მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ისაუბრა. ბითაძის თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში მაქსიმალური ენერგია მიმართული იქნება იქითკენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის პოლიგონზე ეფექტიანად განხორციელდეს:

„თავის დროზე, პოლიგონი მოეწყო ისე, რომ არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. შესაბამისად, ის საქმიანობა, რაც ახლა მიმდინარეობს, პირველი
და მეორე უჯრედის მოწესრიგებას, მესამე უჯრედის დამატებას, გაზშემკრების მოწყობასა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ისახავს მიზნად, რათა ერთი მხრივ, მდინარის დაბინძურება ავირიდოთ თავიდან, ხოლო მეორე მხრივ, მეთანის აკუმულირება მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომელიც ორმაგ საფრთხეს შეიცავს. მომდევნო წლის განმავლობაში მაქსიმალური ენერგია იქნება მიმართული იქითკენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის პოლიგონზე ეფექტიანად განხორციელდეს, რომ ის პრობლემები, რომლებიც უნებართვო საქმიანობამ
გამოიწვია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.


სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობა უკვე წლებია ნაგავსაყრელიდან მომავალ სუნს ებრძვის. მათი თქმით, ნორიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი მათსავე კუთვნილ მიწაზე უკანონოდ აშენდა. ნაგავსაყრელის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით პერიოდულად აქციებსაც მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი