ახალი ამბები

მოსახლეობამ ლილოს ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა გადაკეტა

28 იანვარი, 2013 •
მოსახლეობამ ლილოს ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა გადაკეტა

როგორც ერთ–ერთი მცხოვრები თამარ თინაშვილი აცხადებს, ნაგავსაყრელი დაახლოებით 6 თვის წინ გაიხსნა და მას შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი დგას:

“საშინელი სუნია, სახლშიც კი ვერ ვჩერდებით, გარეთ გამოსვლაზე აღარ ვლაპარაკობ. ბავშვები ვერ გამოგვყავს, უკვე ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე, გვაქვს გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი. ვითხოვთ, პირადად გიგი უგულავამ მოგვაქციოს ყურადღება, რადგან უშუალოდ მისი განკარგულებით გადმოვიდა ეს ნაგავსაყრელი გლდანიდან ამ ტერიტორიაზე”, – აცხადებს თამარ თინაშვილი.

ადგილზე იმყოფებდა “ქართული ოცნება – თბილისელების” წარმომადგენელი გულო ზუმბაძე. მისი თქმით, ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი უკანონოდაა განთავსებული:

“ნაგავსაყრელი აშენებულია კერძო მიწებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს სასამართლო დავა. მცხოვრებლებს დაჰპირდნენ, რომ აშენდებოდა ნაგვის გადასამუშავებელი ქარხანა და ასე დაითანხმეს, თუმცა ახლა ნაგავი პირდაპირ ძირს იყრება, ზევიდან პოლიეთილენის პარკს აფარებენ რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი დგება. ეს ტერიტორია ადრე თბილისის გარესოფლები იყო, ახლა უკვე თბილისს ეკუთვნის. ნაგავსაყრელს ორი მისასვლელი აქვს და ორივე მხარეს დაახლოებით 300 –300 ადამიანი დგას. ისინი ამბობენ, რომ არ გახსნიან გზას, რადგან ნაგავსაყრელის არსებობა დასახლებასთან ასე ახლოს არ უნდა იყოს.”, – აცხადებს გულო ზუმბაძე.

ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, ისინი მორიგეობას დააწესებენ და მანამდე არ შეუშვებენ ე.წ. ნაგვის მანქანებს ტერიტორიაზე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად უკვე გავიდნენ მერიის სამსახურის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი