“მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. მე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებდი, არ ვიჩქარებდი, მინდა დაველოდო გამოძიების შედეგებს. ასევე იცით, რომ ექპსერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ასე რომ, მე არ ვიჩქარებდი განსხვავებით სხვა ადამიანებისგან და კომენტარს გავაკეთებთ გამოძიების დასრულების მერე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოჯახი აცხადებს, რომ მამუკა მიქაუტაძე პოლიციაში დაკითხვაზე ჰყავდათ მიყვანილი, რა დროსაც მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ ცოლს განუცხადა, რომ მას ცრუ ჩვენება მიაცემინეს გამოძიებისთვის და ამ სიცრუით ის ვერ იცხოვრებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
გამომიძებლები 8 ივლისს, გვიან ღამემდე სახლში კითხავდნენ მიქაუტაძის ცოლს, დაკითხვას ესწრებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები.
დღეს, 9 ივლისს, ცნობილი გახდება დამოუკიდებელი ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა, რომელიც გარდაცვლილს ჩაუტარდა.
