პრემიერმა შესაბამისი ღია წერილით მთავარ პროკურორს ბედუკაძის საქმეზე, რომელთანაც განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმება კბილაშვილმა 14 ივნისს გააფორმა, დღეს მიმართა:
“მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო, – კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის”.

იურისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ სამართლებრივად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა პროკურორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ აღნიშნული საქმის ირგვლივ ახალი გარემობები გახდება ცნობილია.
“ერთადერთი საფუძველი, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს, არის ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, არ გააჩნია [პროკურატურას]… ყოველ შემთხვევაში ცნობილი არ არის, რომ პროკურატურას ასეთი გააჩნია ბედუკაძის მიმართ. სხვა მხრივ, ამ შეთანხმების გადახედვა შეუძლებელია დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე”, – ამბობს იურისტი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
“სამართლებრივად, მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია გადახედვის საფუძვლის ნახვა. სამართლებრივი საფუძველი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა კრიმინალური ქმედება ჩადენილი პირის მხრიდან და მოხდება ხელახალი საქმის წარმოება, თორემ იმ ბრალდების საქმეზე, რომლის მიმართაც გადაწყვეტილება უკვე არსებობს და პროკურატურას თავისი პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვს, ცოტა არ იყოს, შეუძლებლად მეჩვნება ამ საკითხის სამართლებრივი კუთხით გადახედავა დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა, იურისტმა გაგი მოსიაშვილმა.
იურისტ ოთო კახიძის განცხადებით კი, იგივე საქმეზე ბედუკაძეს ბრალს მეორედ ვერ წაუყენებენ. მისი თქმით, ერთადერთი მექანიზმი შეიძლება იყოს ის, თუ რა წერია კბილაშვილსა და ბედუკაძეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბრალდებული შეთანხმების პუნქტებს არღვევს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, შესაძლებელია მისი გაბათილება.
როგორც ცნობილია, გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს, ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც გაავრცელა გასული წლის სექტემბერში ციხეებში წამების ამსახველი ვიდეომასალები, წინა ხელისუფლების დროს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს ადამიანის წამების მუხლით. ბედუკაძე ბელგიიდან საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ დაბრუნდა, 2013 წლის 18 იანვარს ის მაშინვე დააპატიმრეს, რადგან დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს 2000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მარტის თვეში ლადო ბედუკაძემ შიმშილობა გამოაცხადა, მან უნდობლობა სასამართლოს და იმ გამოძიებას გამოუცხადა, რომელიც ციხეში წამების საქმეზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული.
“იმის გამო, რომ ვერ ვხედავ საქმის ობიექტურად განხილვის პერსპექტივას, მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვაცხადებ შიმშილობას: მოვითხოვ შეხვედრას სახალხო დამცველთან, მთავარ პროკურორთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან”, – აცხადებდა მაშინ ბედუკაძე.
შიმშილობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ბედუკაძე მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს შეხვდა და მასთან საუბრის შემდეგ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. ივნისის თვეში კი ბედუკაძემ მთავარ პროკურორთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლდა.
“მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძესთან დადო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული ჩაიდინა 2011 წლის მარტიდან ივნისამდე, როდესაც იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ოპერატიულ მორიგე- ინსპექტორად მუშაობდა. ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პირადად გადაღებულმა და მისი დავალებით ბორის ფარულავას მიერ ფარულად გადაღებულმა ვიდეომასალებმა (ე.წ. კარანტინის დაშლამ) ამხილა არა მხოლოდ ცალკეული დანაშაულებრივი ეპიზოდები, არამედ ამ ვიდეომასალამ დასაბამი მისცა გამოძიების დაწყებას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, რომლითაც მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული”, – ნათქვამია განმარტებაში, რომელიც არჩილ კბილაშვილმა ბედუკაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ასახსნელად გააკეთა.
იურისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურორმა შეცდომა დაუშვა, როდესაც წამების მუხლით ბრალდებულ ადამიანთან საპროცესო გარიგება დადო, თუმცა, იურისტის განმარტებით, კბილაშვილს ამით საქართველოს კანონი არ დაურღვევია:
“აქ საუბარი არის მიზანშეწონილობაზე. წამება არის ძალიან მძიმე დანაშაული… ეს არის დანაშაული, რომელიც ჩადენილია არა მარტო საქართველოს კონკრეტული მოქალაქის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინააღმდეგ და დაუშვებელია მთლიანად პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება იმ პირის, ვინც ამაში მოანწილეობდა”, – აცხადებს იგი.

იურისტი ოთო კახიძე აღნიშნავს, მთავარ პროკურორს უფლება არ ჰქონდა, რომ წამების მუხლით მსჯავრდებულ პირთან პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა, თუმცა კანონი არ ზღუდავს ასეთი ხელშეკრულების დადებას წამების მუხლით ბრალდებულთან. იგივეს ამბობს იურისტი გაგი მოსიაშვილი. იურისტების ცნობით, ბედუკაძეს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, შესაბამისად, შეთანხმების გაფორმრებისას მას სწორედ ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა:
“ლოგიკურია, რომ თუ მსჯავრდებულთან არ შეიძლება, არც წამებაში ბრალდებულზე შეიძლებოდეს ასეთი შეთანხმების დადება, მაგრამ ფორმალურად კანონი იძლეოდა ამის საშუალებას და ეს შანსი მთავარმა პროკურორმა ხელიდან არ გაუშვა”, – ამბობს იგი.
როგორც ცნობილია, დღეს, 8 ივლისს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის კრიტიკული განცხადება გამოქვეყნდა ბედუკაძის საკითხზე, მას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც დაეთანხმა.
“რა თქმა უნდა, ბედუკაძის მიმართ გამოყენებული ღონისძიება ეჭვს იწვევს და ვეთანხმები იმას, რომ ეს არის გადასახედი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის ამ განცხადების გამო გაკვირვებას გამოთქვამს ოთო კახიძე, რომლის განცხადებითაც, 24 ივნისამდე, ანუ მანამ, სანამ პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება შევიდოდა და ეს უწყება იუსტიციის მინისტრის დაქვემდებარებული სივრციდან გავიდოდა, თეა წულუკიანს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ არჩილ კბილაშვილსა და ბედუკაძეს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმი გაეუქმებინა.
“დღეს აღარ შეუძლია გაუქმება, მაგრამ 24 ივნისამდე შეეძლო ამ გადაწყვეტილების შეცვლა. თან წულუკიანმა დაადასტურა ერთ–ერთ ინტერვიუში, რომ მას ეს შუამდგომლობა თავიდანვე ნანახი ჰქონდა. როცა სასამართლოში შევიდა ეს შუამდგომლობა და არ მოეწონა წულუკიანს, მაშინვე შეეძლო მას მთავარი პროკურორის საპროცესო შეთანხმების ოქმის და განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაუქმება, ვინაიდან მთავარი პროკურორი იყო იუსტიციის მინისტრის ქვემდგომი პროკურორი იმ დროისთვის, როცა განსაკუთრებული შეთანხმება გაფორმდა”, – აცხადებს კახიძე და წულუკიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს:
“ჩემი აზრით, იუსტიციის მინისტრი, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, ექვემდებარება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. თუ მან იცოდა, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და მიუღებელი იყო, მაშინ მას 24 ივნისამდე შეეძლო, რომ ეს აქტი გაეუქმებინა, ახლა ეს შესაძლებლობა აღარ აქვს”.
ოთო კახიძე აბსურდს უწოდებს არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ბედუკაძე სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან იმის გამო გათავისუფლდა, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და შესაძლოა, მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება:
“ეს არის აბსურდი. წამებაში მონაწილე ნებისმიერმა ადამიანმა, პოლიციაში იქნება ეს ადამიანი მომუშავე თუ სასჯელაღსრულების სისტემაში, უნდა იცოდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეპატიება წამება. ადამიანებს აწამებენ კონკრეტული კრიმინალები და ამ კონკრეტული კრიმინალების მიმართ უნდა არსებობდეს დაუნდობელი ნულოვანი ტოლერანტობა სახელმწიფოს მხრიდან. თუ სახელმწიფო იტყვის, რომ აი, შენ თუ ახლა ვიღაცებს დაასახელებ, მე შენ არ დაგსჯი, მაშინ ადამიანის წამების პრევენცია არ მოხდება, იმიტომ, რომ ზემოთ ყველა გაიშვერს ხელს”, – აცხადებს იგი.
არჩილ კბილაშვილი და ლადო ბედუკაძე პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მთავარი პროკურორი განცხადების გაკეთებას ხვალისათვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებს.
