ახალი ამბები

აკრძალვები ლგბტ აქტივობებზე თურქეთში

21 ნოემბერი, 2017 • 2490
აკრძალვები ლგბტ აქტივობებზე თურქეთში

2017 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ყველა ღონისძიება აიკრძალა, რომელიც რაიმე ფორმით უკავშირდება ლგბტ თემატიკას. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის ადმინისტრაციამ მიიღო. “სიძულვილისა და მტრობის გაღვივების საფრთხე”, “საზოგადოებრივი უსაფრთხოება”, “ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა”, “სოციალური სენსიტიურობა” – მსგავსი მიზეზებით ხსნის ანკარის თვითმმართველობა გადაწყვეტილების მიზეზს, რომელმაც თურქეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა უკვე გამოიწვია.

განცხადების მიხედვით, აკრძალვა ვრცელდება ლგბტ თემატიკის შემცველ ყველა სახის აქტივობაზე, მათ შორისაა კინოფესტივალები, ფორუმები და გამოფენები. განცხადების მიხედვით, აკრძალვა სხვა მიზეზებთან ერთად ტერორისტული საფრთხის აღკვეთისკენაცაა მიმართული, რომელიც შეიძლება საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს დაემუქროს. აღსანიშნავია, რომ ანკარის ადმინისტრაციამ ტერორისტული საფრთხითა და შუღლის გაღვივების პრევენციით ახსნა გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის ძალითაც 16-17 ნოემბერს ქალაქში დაგეგმილი გერმანულენოვანი გეი ფილმების ფესტივალი გაუქმდა.

თურქეთში მოქმედ ლგბტ უფლებადამცველ ორგანიზაციებს ადმინისტრაციის განმარტებების არ სჯერათ. “Pink Life”-სა და  “Kaos GL”-ში, ანკარაში მოქმედ უმსხვილეს ლგბტ ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ აკრძალვა, თავისი მიზეზებით, არალეგალური და დისკრიმინაციულია.

“ჩვენს ქვეყანაში მეტად გავრცელებულია დისკრიმინაცია და სიძულვილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. ადგილობრივი და სახელმწიფო ადმინისტრაცია ვალდებულია, იბრძოლოს მათ წინააღმდეგ”, – ნათქვამია უფლებადამცველთა განცხადებაში.

თურქეთში ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გაუარესების შესახებ გასულ წელს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა. “2015 წლიდან სიძულვილის ენა ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მეტად გავრცელებულია, ვიდრე გასულ წლებში” – ნათქვამია თურქეთსა და ევროპაში მოქმედი 5 ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც გასულ წელს მომზადდა.

სურათის ცვალებადობა, რიგ შემთხვევებში, მართლაც თვალნათელია: თუ მანამდე, 2003 წლიდან მოყოლებული, ლგბტ პრაიდი სტამბოლის ცენტრში თავისუფლად იმართებოდა და 2014 წელს მას 100 000-მდე ადამიანი შეუერთდა , 2015 წლიდან ხელისუფლებამ შეკრების ჩატარება აკრძალა. წინაპირობა, ამჟამინდელის მსგავსად, უსაფრთხოების ნორმების დაცვა იყო. რადიკალური მოძრაობების მხრიდან ლგბტ პირებისადმი გახმიანებული მუქარების მიზეზით, პრაიდზე სანქცია არც ბოლო ორი წლის განმავლობაში გაცემულა. სექსუალური უმცირესობები, წინააღმდეგობის მიუხედავად, პრაიდზე მაინც გამოდიოდნენ, რასაც პოლიცია ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს უპირისპირებდა.

28.05.2015 შეტაკება პოლიციასთან, სტამბოლის გეი პრაიდზე. ფოტო: EPA

28.05.2015 შეტაკება პოლიციასთან, სტამბოლის გეი პრაიდზე. ფოტო: EPA

საინტერესოა ხელისუფალთა რიტორიკაც: სანამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პრეზიდენტი გახდებოდა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 2002 წელს ღიად განაცხადა, რომ “ჰომოსექსუალებს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეთ”. უკვე 2013 წელს ერდოღანმა აღნიშნა, რომ “ჰომოსექსუალობა სექსუალური პრეფერენციაა, რომელიც ისლამის კულტურასთან წინააღმდეგობაში მოდის”.

ცვალებადი დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ ქვეყნის ინტერნეტ პოლიტიკაზეც აისახა: “Freedom House”-ის მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, თურქეთში დაბლოკილ 114 000 ვებგვერდს შორის ლგბტ თემატიკის ვებგვერდებიც ფიგურირებს, მათ შორის ამ თემატიკის 5 უმსხვილესი თურქულენოვანი გვერდი. ამ და სხვა სანქციების ფონზე, “Freedom House”-ის 100-ქულიანი შკალით(100 ყველაზე უარესი შედეგია) თურქეთს 2017 წელს 66 ქულა აქვს და არათავისუფალ ქვეყნებს შორის მოექცა. 2015 წლის ჩათვლით ინტერნეტის კუთხით ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის მოიაზრებოდა.

ჰომოსექსუალობა თურქეთში 1923 წელს, ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში გახდა ლეგალური. 2003 წელს კი პირველი მუსლიმური ქვეყანა გახდა, სადაც ლგბტ პრაიდი ჩატარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი