კუბლაშვილის თქმით, კანონში პირდაპირ წერია, რომ მთავარ პროკურორს ჰქონდა ამ შუამდგომლობის დაყენების უფლება, მან ეს კანონიერად გააკეთა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომაც:
“პროკურორს აქვს ეს უფლება, ეს ძალიან მკვეთრად, ნათლად, ყველასათვის გასაგებად არის მითითებული კანონში. მან გააკეთა და კანონიერად შევიდა სასამართლოში, ასევე კანონიერად მიიღო თავისი გადაწყვეტილება სასამართლომ, ამიტომ რაღაც რომ შეიცვალოს, ამას თავისი საფუძვლები ჭირდება, ახლა რას გააკეთებს პროკურატურა, ეს მათი გადასაწყვეტია. სხვა დანარჩენი, თუკი ისევ შემოვიდა საქმე სასამართლში, სასამართლო შეამოწმებს, რამდენად კანონიერია უკვე რაიმეს შეცვლის მოთხოვნა, ეს არის ძალიან მარტივი განმარტება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს. უფლებამოსილება იმისა, რომ რამე შეცვალოს, არის მთლიანად პროკურატურის კომპეტენცია”, – განაცხადა კუბლაშვილმა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ განაჩენის დამტკიცების სამართლიანობას, კუბლაშვილი აცხადებს, რომ ის შეფასებას ვერ გააკეთებს:
“მე ვიტყვი, რომ ეს არის კონკრეტული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინც არ უნდა განაცხადოს, დეპუტატი იქნება თუ პროკურორი, რომ უსამართლოა, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ვისაც ამის შეცვლა უნდა, ან ამბობს, რომ ეს უკანონო იყო, აიღოს ეს გადაწყვეტილება, აიღოს კოდექსი და შეადაროს ერთმანეთთან. რაც შეეხება შეცვლას, ეს არის პროკურატურის გადასაწყვეტი და შემდგომ უკვე სასამართლოს კომპეტენცია”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
დღეს, 8 ივლისს, გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ციხეში პატიმართა წამების საქმეზე პროკურატურის მიერ რამდენიმე ბრალდებულთან გაფორმებული საპროცესო გარიგების თაობაზე, რის შედეგადაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით ბრალდებულებს მკვეთრად მსუბუქი სასჯელები განესაზღვრათ, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე საერთოდ გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. პრემიერი მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს.
