ახალი ამბებიხელოვნება

ხელოვანი არ უნდა იტანჯებოდეს იმისთვის, რომ ტანჯვა აჩვენოს – დევიდ ლინჩი

20 ნოემბერი, 2017 • 3803
ხელოვანი არ უნდა იტანჯებოდეს იმისთვის, რომ ტანჯვა აჩვენოს – დევიდ ლინჩი

“საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვედი და თავი სახლიდან შორს ვიგრძენი. ქუჩები და არქიტექტურა ძალიან მომეწონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხალხთან შეხვედრა დავიწყე, ყველაფერი უფრო ახლობელი გახდა და თავს უკვე ისე ვგრძნობდი, თითქოს სახლში ვარ,”- განაცხადა ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა დღეს, 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დევიდ ლინჩი სასტუმრო  “თბილისი მერიოტის” საკონფერენციო დარბაზში მოულოდნელად შემოვიდა მაშინ, როცა პრესკონფერენციის დასაწყებად ყველაფერი მზად არ იყო, თუმცა ამას უხერხულობა არ შეუქმნია. რეჟისორმა გვითხრა, რომ სიამოვნებით დალევდა ყავას. მოგვიყვა იმის შესახებაც, როგორ მოეწონა ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ხაჭაპური, რომელიც ყველისა და პურის კომბინაციად ახსნა. ლინჩმა ისიც გვითხრა, რომ რესტორანში მომღერალი ქალი გაიცნო, ვინც, მისი აზრით, ბროდვეიზე უნდა გამოდიოდეს.

რეჟისორი დაუზარებლად პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს, ძირითადად კი ტრანსცენდენტალური მედიტაციის, ინსპირაციის და საქართველოს შესახებ უწევდა საუბარი, ლინჩს სექსუალური შევიწროების შესახებაც ჰკითხეს, რომელმაც ამ ბოლო დროს ჰოლივუდი მოიცვა. რეჟისორის განცდით, ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება:

“რაც შეეხება სექსუალურ შევიწროებას, ჩემთვის … ქალები ყოველთვის თავს მესხმიან… მაგრამ აქ სასაცილო ისაა, რომ კაცები განსხვავდებიან ქალებისგან. ქალები თავისებურად, გარკვეული გზით არიან მოწყობილნი და, მე მგონი, ეს ის გზაა, რომელიც კაცობრიობას აძლებინებს/ავითარებს. ჰარვი ვაინშტაინის სკანდალი და სექსუალური შევიწროების საკითხი არამხოლოდ კინობიზნესში, ყველგან, მთელ მსოფლიოში აშკარავდება. მგონია, რომ ყველაფერი ამ კუთხით უკეთესობისკენ იცვლება პატარა ნაბიჯებით, მაგრამ უკეთესი ხდება. დამალული ცხადდება, ცხადდება ცხოვრების სხვადასხვა ბოროტი მხარე და ეს ერთ-ერთი ბოლოა, რომლის შესახებაც გაცხადდა. ეს ძალიან კარგია, რადგან ქალები აღარ იქნებიან ტრავმირებული”.

დეივიდ ლინჩი თბილისში 20.11.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რეჟისორმა გვითხრა, რომ ქართული კინოს შესახებ არაფერი იცის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების კინემატოგრაფის შესახებ ცოდნა არ აქვს, რადგან, როგორც თავად ამბობს, კინოს გადაღება უყვარს და არა კინოს შესწავლა:

“გუშინ გავიგე, რომ ფელინი ძალიან აფასებდა ქართულ კინოს და ყველას ურჩევდა მის ნახვას. ამიტომ მაქვს განცდა, რომ ფილმების გადაღება და ზოგადად ხელოვნება საქართველოს ძლიერი მხარეა. ამას ჰაერშიც კი ვგრძნობ. ხელოვნებისთვის ეს განსაკუთრებული ადგილია”.

გახდება თუ არა მისთვის საქართველო კონკრეტული ინსპირაციის წყარო, ნათელი არაა, როგორც ეს პოლონეთის შემთხვევაში მოხდა ფილმისთვის “შინაგანი იმპერია”.

“ყველა ადგილს აქვს გრძნობა, ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას თავის როლი აქვს მსოფლიოს ოჯახში, მათ აქვთ თავისი ფაქტურა, ხასიათი, კულტურა. ძალიან ბევრი რამაა, რასაც იგრძნობ, როცა თქვენს ქვეყანაში ჩამოხვალ. საქართველოს განსაკუთრებულად კარგი განცდა მოაქვს. ბევრ ადგილას არ ვყოფილვარ საქართვლოში, მაგრამ ამ ადგილმა სხვდასხვა იდეები უკვე გამიჩინა. მითხრეს, რომ ფოტოებს გამომიგზავნიან, წინასწარ არაფერი ვიცით, მაგრამ საქართველო იდეებისთვის დიდებულ შესაძლებლობებს ფლობს,”- გვითხრა რეჟისორმა, რომელსაც კოსტუმზე დამაგრებული ჰქონდა საქართველოსა და ამერიკის დროშების ბროში.

დეივიდ ლინჩი თბილისში 20.11.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ლინჩის ვიზიტი უკავშირდება მისი სახელობის ფონდის საქართველოში დაარსებას, რომელიც 2017 წლის ივლისში დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დევიდ ლინჩის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტისა და  A კლასის კინოფესტივალის დაარსება და TM (ტრანსცენდენტალური მედიტაციის) პროგრამის მეშვეობით ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამართავს რეჟისორი შეხვედრებს თბილისში.დევიდ ლინჩი ტრანსცენდენტალურ მედიტაციას მისმა დამ აზიარა. სანამ ტრანსცენდენტალურ მედიტაციას აღმოაჩენდა, მან მედიტაციის ბევრი ფორმის შესახებ წაიკითხა, თუმცა თავადვე ამბობს, რომ მისი შესაფერისი ვერ იპოვა:

“ყოველთვის მესმოდა ფრაზა, რომ ნამდვილი ბედნიერება არ არის გარეთ, რომ ეს ბედნიერება ჩვენს შიგნითაა, მაგრამ ეს ფრაზა არ გვეუბნება ამ ბედნიერებამდე როგორ უნდა მივიდეთ, და მე დავიწყე ფიქრი, სადაა ეს “შიგნით”? გულში, მუხლებში თუ სად? ჩვენ ჩვენს თავს ხშირად როგორც სხეულს ისე ვხედავთ. ამის შემდეგ მედიტაციით დავინტერესდი, იქნებ ეს არის გზა, რომ “შიგნით” აღმოვაჩინოთ და ეს ბედნიერება ვიპოვოთ. ისიც აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი სახის მედიტაცია არსებობს, ბევრი წავიკითხე, მაგრამ ჩემთვის შესაფერისი ვერ ვიპოვე. ყველაფერი მომეწონა, რაც ჩემმა დამ ტექნიკის შესახებ მითხრა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მის ხმაში ცვლილება შევნიშნე, მის ხმაში მეტი თვითდაჯერება და ბედნიერება იგრძნობოდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ტექნიკის დაუფლება მსურდა”.

ლინჩი მიიჩნევს, რომ სტრესი, უარყოფითი ენერგია, შფოთვა, წნეხი, სიძულვილი, შემოქმედებითობის მტერია და მას კლავს. თუმცა პერსონალურად ლინჩისთვის ტრანსცენდენტალურ მედიტაციას შემოქმედებითობის პრობლემა არ გადაუჭრია, მას თავდაჯერებულობა შესძინა.

“იმ დროს კრეატიული ვიყავი, მაგრამ თვითდაჯერებულობა მაკლდა, ბევრს ვშფოთავდი და ვბრაზობდი, დაქორწინებული ვიყავი და ამ ბრაზს ჩემი პირველ ცოლისკენ მივმართავდი და მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დავამსგავსე. ვაანალიზებდი რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. გაბრაზებული ვიყავი და მასზე ვიყრიდი ჯავრს. მას შემდეგ რაც ტრანცენდენტალური მედიტაცია დავიწყე, ორ კვირაში, მოვიდა და მკითხა რა მჭირდა, დავაზუსტე, რას გულისხმობდა, მან კი მკითხა, რატომ აღარ ვბრაზდებოდი და მე მივხვდი, რომ ამას მცდელობის გარეშე მივაღწიე. ჩემს ცოლს უკვე კარგად ვექცეოდი, ბედნიერი ვხდებოდი და უფრო თვითდაჯერებული”, – განაცხადა ლინჩმა.

ლინჩი ცდილობს ყველაფრისგან დადებით ენერგია მიიღოს, განსაკუთრებით კი ეს მის სამუშაოს ეხება, მისი რჩევაც ახლგაზრდებისთვის ზოგადად და განსაკუთრებით რეჟისორებისთვის, იმაში მდგომარეობს, რომ რასაც აკეთებენ, იმისგან ყოველდღიურად ისიამოვნონ:

“ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ ფული გამოიმუშავოს, შეიძლება სულაც არ მოსწონდეთ ის, რასაც აკეთებენ, მაგრამ ფულისთვის შრომობენ. მჯერა რომ შესაძლებელია, იმით მივიღოთ სიამოვნება რასაც ვაკეთებთ. მჯერა იმისიც, რომ სიამოვნებაა ის, საიდანც ბედნიერება მოდის, ამიტომაც ვსაუბრობ ტრანსცენდენტალური მედიტაციის შესახებ. ამიტომაც ვუწევ მას რეკომენდაცია. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ყოველდღე ისიამოვნონ, როდესაც კამერით დარბიან, ისიამოვნონ ლამაზი კადრებით, რომელსაც გადაიღებენ. უკან როდესაც ვიხედები, შეიძლება ჯილდოები არ მიმიღია და არც მულტიმილიონერი ვარ, მაგრამ მიყვარს რასაც ვაკეთებ და მართლაც ძალიან კარგი ნამუშევრები მაქვს. ეს არის მთავრი, გიყვარდეს სამუშაო”,- ამბობს ლინჩი.

რეჟისორისთვის ტრანსცენდენტალური მედიტაცია ის საშუალებაა, რომლითაც იმ განძამდე უნდა მიხვიდე რომელიც ადამიანშია. ლინჩს ის სიმარტივეც მოსწონს, რასაც ადამიანისგან ტრანსცენდეტალური მედიტაცია მოითხოვს.

“ეს არც რელიგიაა და არც კულტია, მე არასდროს არ ჩავეწერებოდი რაიმე კულტში. არ გჭირდებათ, რომ რამეში გაწევრიანდეთ და ა.შ. თქვენ უბრალოდ ვარჯიშობთ რეგულარულად და ყველაფერი უკეთესი ხდება”.

დეივიდ ლინჩი თბილისში 20.11.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რეჟისორმა ლამის კინოდ აქცია იმ მომენტის აღწერა, თუ როგორ იქმნება კინოამბები და ეს თავსატეხს შეადარა, ერთგვარ “პაზლს” რომელსაც აწყობ:

“ყველაფერი “პაზლის” ფორმით არსებობს და თუ მე ამ პაზლის ერთი ნატეხი მაქვს, მას აქვს ხასიათი, ვხედავ მას როგორც პიროვნებას, რა აცვია, მესმის მისი ხმა, ვხვედავ როგორ მუშაობს, მაგრამ მეტი არაფერი ვიცი, თუმცა ეს ნაწილი მიყვარს და ამ პატარა ნაწილზე ვფიქრობ. ასე ჩნდებიან სხვა ნაწილები და მე მათ ვიჭერ, მათ თავმოყრას ვცდილობ, თუმცა შეიძლება ისინი საერთოდ ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. ასე იქმნებიან ამბები”.

რეჟისორმა განსაკუთრებულად ისაუბრა იმ წარმოსახვით ქალზე, რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა იქონია. თვალებდახუჭული ლინჩი გვიყვებოდა შიშველი ქალის ისტორიას, რომელიც მასთან სიბნელიდან მივიდა:

“დიახ, მე მიყვარს ქალები. მიყვარს იდეა ადამიანებისა, რომლებიც სიბნელიდან გამოდიან. ეს ქალი მაშინ ვნახე, როცა პატარა ვიყავი, ღამე იყო და ის სიბნელიდან მოვიდა. შიშველი იყო და პირი სისხლიანი ჰქონდა. ალბათ ნაცემი იყო, ქმარმა ან მეგობარმა კაცმა სცემა. ეს ტრავმული სცენა იყო, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ქალი ძალიან, ძალიან ფერმკრთალი იყო, მანამდე შიშველი ქალი არასდროს მინახავს და ამან დიდი გავლენა იქონია. ჩემი პატარა ძმა ჩემთან ერთად იყო და ტირილი დაიწყო, არ ვიცოდი როგორ დავხმარებოდი. ჩემი ფილმების მსგავსად, ქალები  ძალიან ძალიან ბევრ ფილმში არიან. ჩემს ფილმებში კაცებიც არიან, ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, როგორ მოქმედებენ პერსონაჟები ერთმანეთზე ამ კინოისტორიაში. ხელოვანი არ უნდა იტანჯებოდეს იმისთვის, რომ ტანჯვა აჩვენოს, ეს სიხარულით სავსე გამოცდილება უნდა იყოს”.

დეივიდ ლინჩი თბილისში 20.11.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით ლინჩმა გუშინ გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში.  მიუხედავად იმისა, რომ ამ უნივერსიტეტის დაარსება მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავად თვლის, რომ აკადემიური სწავლისას დროს კარგავდა. ლინჩი მიიჩნევს, რომ შემოქმედებითობის სწავლა შეუძლებელია, მაგრამ ტექნიკური ცოდნა ასევე მნიშვნელოვანდ მიაჩნია.

“სწავლა რამის კეთებით მნიშვნელოვანია, ინტელექტუალური ცოდნა, რომელსაც ისმენ ხანდახან ქრება, რეალურად კეთებით სწავლობ”,- ამბობს რეჟისორი.

დეივიდ ლინჩი თბილისში 20.11.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი