აქციის ” შეწყდეს პოლიციის მიერ ადამიანების წამება!” მონაწილეებს თეთრი ფურცლები ეჭირათ, რომლზეც არც მოთხოვნები ეწერა და არც ლოზუნგები:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ უნდა დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, მე მათ ვთხოვ, რომ მაქსიმალურად მობილიზდნენ, რათა ასეთი რამ აღარ მოხდეს, წამებაზე აღარ ვლაპარაკობ, ის, რომ ადამიანი დაკითხვაზე არ უნდა აწამო, ამაზე ლაპარაკიც აღარ არის. ზუსტად ამიტომ მოვიტანეთ თეთრი ფურცლები, ყველამ კარგად იცის, რა უნდა ეწეროს ამ ფურცლებზე. მოვითხოვთ ამ ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას”.–განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მომაწილემ მაგდა გურულმა.  

დღევანდელი აქცია, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. პირველი ვერსიის მიხედვით, ოჯახის წევრები და ახლობლებლები ამტკიცებენ, რომ მან თვითმკვლელობა ჩაიდინა. როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი გარდაცვლილის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება, რომ წინა დღეს მთავარ სამმართველოში მას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

მოგვიანებით გარდაცვლილის ცოლმა ზიზი  ეძგვერაძემ განაცხადა, რომ შესაძლებელი მისი ქმარს თვითმკვლელობა არ აქვს ჩადენილი და იგი მოკლულია კვალის დაფარვის მიზნით:

“საღამოს, სახლში რომ მოვიდა, ტელეფონი გათიშა, ეშინოდა, ვინმემ არ დამირეკოსო, რატომ მეთქი, არასდროს არ შეშინებია, იმიტომ, არაფერს არ აკეთებდა, ვინმესი, რომ შეშინებოდა, ერთხელ ჩავრთე ტელეფონი, ნომრის ამოწერა მინდოდა და უცხო ნომერმა დარეკა, გაგიჟდა, გათიშე სასწრაფოდ ტელეფონიო, არავინ დამირეკოსო. აშკარად ვიღაცის ზარს ელოდებოდა. მე ნამდვილდ მაქვს ეჭვის საფუძველი… როცა თბილისის ზღვაზე იყო, სანამ ველაპარაკე, სანამ თვითონ მეტყოდა, მანამდე ბავშვმა მიპასუხა, აბსურდია, რომ მას ბავშვი მანქანასთან დაეტოვებინა. გუშინ დილითაც ყოფილა დაბარებული. რაზე იყო დაბარებული, ვინ დაურეკა, რა უთხრა, არ ვიცი. შესაძლებელია კვალის დაფარვის მიზნით, იმიტომ, რომ საშინლად ნაცემი იყო, რომ მოეკლათ”– განაცხადა გარდაცვლილის ცოლმა  რუსთავი 2–თან საუბარში.

“ფეისბუქით” დაგეგმილ აქციაზე წასვლის სურვილი 238–მა ადამაინმა გამოხატა, თუმცა დღეს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მხოლოდ 22 ადამიანი შეიკრიბა. 

“მე ვიყავი ციხის ცნობილ აქციებზე, ვიდექი სხვა ბევრ ადამიანთან ერთად და დღეს აქ 20 ადამიანია მოსული. მე ვერავის ვერ დავაძალებ მოვიდეს, მე ჩემი ნებით მოვედი და ყველას აქვს უფლება დარჩეს, მაგრამ მე მგონია, რომ როდესაც ადამაინი კვდება, ყველას ვალია გააპროტესტოს, კვდება არა, როდესაც კლავენ”– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ პაატა შამუგიამ. 

შინააგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მამუკა მიქაუტაძე ნამდვილად დაიკითხა მოწმის სახით ნარკოდანაშაულის საკითხზე.

“თუმცა დაკითხვის შემდეგ ის სახლში გაუშვეს და მას წინასწარვე განემარტა, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაუშვებდნენ. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან რაიმე ზეწოლა მის მიმართ არ დასტურდება,”- განაცხადა ნინო გიორგობიანმა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, მამუკა მიქაუტაძის ცხედრის გარეგანი  დათვალიერების შედეგად გარკვეული დაზიანების კვალი დასტურდება. ცხედარი საიას მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ დაათვალიერა.  კოჟორიძის თქმით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგები სამშაბათს გახდება ცნობილი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *