კოჟორიძის თქმით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგები სამშაბათს გახდება ცნობილი, თუმცა დღეს დაგეგმილია ჟურნალისტეებთან შეხვედრა და საქმესთან დაკავშირებით იმ ინფორმაციის გაცნობა, რაც ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციას ამ დროისთვის აქვს.
გარდა აღნიშნულისა, გარდაცვლილის ცოლი ზიზი ეძგვერაძე აცხადებს, რომ შესაძლებელია მის ქმარს თვითმკვლელობა არ აქვს ჩადენილი და იგი მოკლულია კვალის დაფარვის მიზნით:
“საღამოს, სახლში რომ მოვიდა, ტელეფონი გათიშა, ეშინოდა, ვინმემ არ დამირეკოსო, რატომ მეთქი, არასდროს არ შეშინებია იმიტომ, არაფერს არ აკეთებდა, ვინმესი რომ შეშინებოდა, ერთხელ ჩავრთე ტელეფონი, ნომრის ამოწერა მინდოდა და უცხო ნომერმა დარეკა, გაგიჟდა, გათიშე სასწრაფოდ ტელეფონიო, არავინ დამირეკოსო, აშკარად ვიღაცის ზარს ელოდებოდა. მე ნამდვილად მაქვს ეჭვის საფუძველი… როცა თბილისის ზღვაზე იყო, სანამ ველაპარაკე, სანამ თვითონ მეტყოდა, მანამდე ბავშვმა მიპასუხა, აბსურდია, რომ მას ბავშვი მანქანასთან დაეტოვებინა. გუშინ დილითაც ყოფილა დაბარებული. რაზე იყო დაბარებული, ვინ დაურეკა, რა უთხრა, არ ვიცი. შესაძლებელია კვალის დაფარვის მიზნით, იმიტომ, რომ საშინლად ნაცემი იყო, რომ მოეკლათ”– განაცხადა გარდაცვლილის ცოლმა რუსთავი 2–თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს თბილისში მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღიძრა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. პირველი ვერსიის მიხედვით, ოჯახის წევრები და ახლობლებლები ამტკიცებენ, რომ მან თვითმკვლელობა ჩაიდინა. როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი გარდაცვლილის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება, წინა დღეს მთავარ სამმართველოში მას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
“როგორც ვიცი, ის სცემეს, იატაკზე დაგდებულს სცემეს და ხელი მოაწერინეს რაღაცას მეგობრის წინააღმდეგ. მერე დაურეკა ოჯახს და მეგობარს და უთხრა, თვითმკვლელობა ვცადე, წყალში შევცურე, თუმცა, გადავრჩი, მაგრამ ახლა თოკი ვიყიდე და უნდა ჩამოვიხრჩო თავიო,”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
შინააგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული პიროვნება ნამდვილად დაიკითხა მოწმის სახით ნარკოდანაშაულის საკითხზე.
“თუმცა დაკითხვის შემდეგ ის სახლში გაუშვეს და მას წინასწარვე განემარტა, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაუშვებდნენ. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან რაიმე ზეწოლა მის მიმართ არ დასტურდება,”- განაცხადა ნინო გიორგობიანმა რუსთავი–2–თან საუბარში.
დღეს, მამუკა მიქაუტაძის წამებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე პირთა დაუყოვნებლად გამოვლენის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მოთხოვნით, დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ აქციის ჩატარება 3 საათზე იგეგმება.
