“მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან გულახდილი და, ვფიქრობ, სასარგებლო დისკუსია და საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რაც ამ შეხვედრამაც დაადასტურა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა შედგა და დიალოგი შედგა, ვფიქრობ, ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მით უმეტეს, რომ გარკვეული შეთანხმებების მიღწევაც მოხერხდა, რასაც საზოგადოებას ოდნავ მოგვიანებით გავაცნობთ. მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს განსხვავებები ჩვენ შორის, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ეკისრება კონკრეტული ვალდებულება, წაიყვანოს ქვეყანა და საზოგადოება შერიგების, დამშვიდების, განვითარების მიმართულებით,”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ.
ბაქრაძის შეფასებით, სწორედ ასეთი კომუნიკაცია და დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ქმნის იმის პირობებს, რომ საზოგადოება, ქვეყანა წავიდეს გამთლიანების, გაერთიანების, შერიგების და დამშვიდების მიმართულებით.
ერთ-ერთ საკითხი, რომელიც შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს, ბაქრაძის თქმით, საკონსტიტუციო საკითხების კომისია იყო.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი კომისია უახლოეს პერიოდში შეიქმნება. მასში წარმოდგენილი იქნება ნაციონალური მოძრაობაც, როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა. წარმოდგენილნი იქნებიან სხვა პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები.”
ბაქრაძის თქმით, მეორე საკითხი, რომელიც შეხვედრაზე მის მიერ იყო დაყენებული, “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაფინანსების საკითხს შეეხებოდა.
“საუბარია შარშანდელი არჩევნების პერიოდზე. იცით, რომ დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ამნისტია წინასაარჩევნო შემოწირულობებთან და იქ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი პარტიიდან, შემომწირველები, წინა კვირებში იყვნენ დაბარებულები სამართალდამცავ ორგანოებში და მათ მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს საკითხი მე დავაყენე და მოხარული ვარ, რომ მოხერხდა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა და პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის პირობა გახლდათ ის, რომ ეს დევნა შეწყდება და პარტიის ფინანსური შემომწირველების მიმართ აღარ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები.”
ასევე, ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვეს სურვილი, რომ პარლამენტში აღდგეს ჩვეული სამუშაო რეჟიმი და კანონპროექტების განხილვა წარიმართოს აქტიური ოპონირებისა და საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობით.
“ვფქირობ, ამ ეტაპზე ეს შესაძლებელია და ჩემი რეკომენდაციაც იქნება უმცირესობის მიმართ, რომ უკვე საგანგებო სესიის ფორმატში, მომავალი კვირიდან უმცირესობა დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას. ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ერთად მივიღებთ.”
უმცირესობის წევრი ამბობს, რომ შეხვედრის დროს უმცირესობისა და უმრავლესობის შემდგომ შეხვედრებზეც ისაუბრეს და გადაწყდა, რომ ასეთი შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით შედგება.
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები პრემიერ- მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დღეს, 6 ივლისს პრემიერის ურეკის რეზიდენციაში შეხვდნენ.

