ახალი ამბები

საქართველოს რაგბის ნაკრები უელსთან 13:6 დამარცხდა

18 ნოემბერი, 2017 • 3811
საქართველოს რაგბის ნაკრები უელსთან 13:6 დამარცხდა

მატჩი უელსისა და საქართველოს რაგბის ნაკრებებს შორის შედეგით 13:6 დასრულდა. კარდიფში, 75 000-იან “Principality Stadium”-ზე ქართველი ბორჯღალოსნები მასპინძლებთან პირველ ტაიმში 10:3 დამარცხდნენ,  მეორე ტაიმი კი ფრედ, 3:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრები უელსს არსებობის ისტორიაში პირველად ხვდებოდა.

მატჩის განმავლობაში, უელსის მორაგბეებმა ერთი ლელო და ლელოს გარდასახვა მიიწერეს, რამაც, შეიძება ითქვას, თამაშის ბედზე უმთავრესი გავლენა იქონია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს: ბორჯღალოსნებმა 3-3 ქულის მოპოვება პირველ და მეორე ტაიმში, სოსო მათიაშვილის მიერ გატანილი ჯარიმების მეშვეობით მიიღეს.

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრების მაღალპროფესიონალურ თამაშზე არაერთმა გავლენიანმა მედიასაშუალებამ, მათ შორის BBC-მ გაამახვილა ყურადღება და ბორჯღალოსნების ძლიერ თავდაცვას გაუსვა ხაზი. თავად უელსის რაგბის კავშირმა კი მოწინააღმდეგეს “შეუპოვარი გამოსვლა” ტვიტერის მიკრობლოგზე მიულოცა.

 

მომდევნო მატჩი საქართველოს რაგბის ნაკრებს 25 ნოემბერს ელით. ის “თიბისი რაგბის სერიის” თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 ნოემბერს 18:00-ზე გაიმართება, სადაც ბორჯღალოსნები აშშ-ს დაუპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი