ახალი ამბები

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია – კომპრომისი და აზრთა სხვადასხვაობა სამუშაო შეხვედრაზე

18 ნოემბერი, 2017 • 2663
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია – კომპრომისი და აზრთა სხვადასხვაობა სამუშაო შეხვედრაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტის ინიციატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წარმოამდგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დოკუმენტის საერთო სახე და ის დებულებები განიხილეს, რომელთა შესახებაც შეთანხმდების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მხარეთა განცხადებით, არსებობს საერთო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც არსებული ნარკოპოლიტიკა ლიბერალიზაციას მოითხოვს, თუმცა გარვეულ საკითხებზე აზრთასხვადასხვაობაც იჩენს თავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მხარეებს შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაა. მისი თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ უფრო ჰუმანურ მიდგომებთან დაკავშირებით კომპრომისი არსებობს, თუმცა კანონპროექტის მოცემულ ვერსიაში კორექტირების შეტანა აუცილებელია.

“ჩვენ ამ სამუშაო ფორმატში, სადაც გვყავს მოწვეული სასამართლო, მთავრობა, ასევე ავტორები და ინიციატორები, ვცდილობთ, დავინახოთ, სად არის თანხმობა და სად ვაწყდებით პრინციპულ განსხვავებებს. რა თქმა უნდა, ამ პროექტში კორექტირებები იქნება შესატანი. თანხმობაა მიდგომასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლის მიმართ იყოს უფრო სამართლიანი და ჰუმანური მიდგომა, ხოლო რეალიზატორთა მიმართ არ იყოს არანაირი კომპრომისი”, – აცხადებს ბესელია.

სამუშაო შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის ესწრებოდა. მისი თქმით, რესპესიული ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ქვეყნისთვის დადებითი არაფერი მოუტანია, უნდა შეიცვალოს, თუმცა მანამდე, მხარეები განსხვავებულ ხედვებზე უნდა შეჯერდნენ.

“ყველა ასეთი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ის განსხვავებები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებს შორის არსებობს, ერთმანეთს დაუახლოვდეს და მოხდეს შეჯერება. არის ბევრი საკითხი, რომლებზეც ნამდვილად არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ჩემი პოზიცია არის ნაბიჯების გადადგმა უფრო ლობერალური ნარკოპოლიტიკისკენ, რადგან რეპრესიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და წარმატებული არ აღოჩენილა. ვფიქრობ, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა ჩანაცვლედ მზრუნველობითი ნარკოპოლიტიკით, რომელიც ერთ მხრივ, შეამცირებს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობას ქვეყანაში და მეორე მხრივ, სასტიკ ფორმებს არ გამოიყენებს მათ მიმართ. მგონია, რომ ეს შესაძლებელია”.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც” მონაწილეობს. ორგანიზაციის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოტიკების დოზები იყო. მისი განცხადებით, აღნიშნული პრობლემა დროულად უნდა მოწესრიგდეს, რათა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ადგილოი აღარ ჰქონდეს ისეთი არაპროპორციული სასჯელის გამოყენებას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

 

“განვიხილეთ, ფაქტობრივად ყველა საკითხი, დაწყებული ოდენობებიდან. ვიმსჯელეთ, რა ოდენობები უნდა გაიწეროს კანონში იმისთვის, რომ როგორც დღეს ხდება, უმცირესი რაოდენობის შემთხვევაში არაპროპორციული სასჯელის გამოყენება არ მოხდეს. ასევე განვიხილეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებზეც კვლავ იქნება კონსულტაციები საჭირო, მათ შორის, ოდენობებთან დაკავშირებით. იყო საკითხებიც, რომლებთან მიმართებაშიც, შეხვედრაზევე გამოჩნდა, რომ კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია”, – განუცხადა სოფო ვერძეულმა “ნეტგაზეთს.

ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, მცირე დოზით, საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ქონა სისხლის სამართლებრივ დევნას აღარ დაექვემდებარება. ასევე, გაჩნდება ახალი სერვისები, რომლებიც ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, მათ შორის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.  სერვისეის განვითარების კონცეფცია კანონპროექტთან ერთად პარლამენტშია წარდგენილი.

კანონპროექტის ინიციატორების თქმით, დოკუმენტსი საკომიტეტო განხილვები 1 დეკემბრამდე უნდა დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი