დიმიტრი კოპალიანის თქმით, წარმოდგენილი პირები მოვალეობას კონკურსის გამოცხადებამდე შეასრულებენ. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიის შეუფერხებელი მუშაობისთვის მიიღო:
“უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ კვალიფიციური კადრები და გავაუმჯობესოთ მერიის მუშაობა. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს, მათ შორის მერიაში დასაქმებულ ადამიანებსაც შეუძლიათ.”
კოპალიანის გადაწყვეტილებით, ვიცე–მერის მოვალეობას კონსტანტინე ლომიძე და გიორგი შარაბიძე შეასრულებენ.
კონსტანტინე ლომიძე ამბობს, რომ კონკურსამდე ქალაქის პრობლემებში სიღრმისეულად ჩაიხედავს:
“პირველი დღეა, გამოვცხადდი და მეტნაკლებად მაქვს ინფორმაცია. უფრო საინტერესო ჩვენი საუბარი ალბათ ხოტა ხანში იქნება და მზად ვარ, კარი ყოველთვის ღია მექნება თქვენთვის, მოსახლეობისთვის, ამ ქალაქის ყველა მცხოვვრებისთვის. საკმაოდ რთული სფეროა, რასაც მე შევხედე აქ და ვეცდები ის ნაკლოვანებები დავინახო, რაც სხვამ ვერ დაინახა. შეიძლება ჩემი ნაკლოვანება სხვამ დაინახოს. მზად ვარ შენიშვნებისთვის და საზოგადოებისთვის მოსმენისთვის.”
რაც შეეხება გიორგი შარაბიძეს, რომელიც მერიის ეკონომიკის სფერის კურირებას მოახდენს, ამბობს, რომ კონკურსის შემდეგ ვინც იქნება, ეცდება მას ქალაქისათვის საჭირო ფინანსები გადასცეს:
“ფინანსების განაწილება, მისი მობილიზება, იქნება გამჭირვალე და დაექვემდებარება მკაცრ კონტროლს, იმ კანონების შესაბამისად, რაც ქვეყანაში ფინანსების ხარჯვას ითვალისწინებს.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ვიცე–მერის პოსტიდან ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ მერის გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და საქმეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
