პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, გუნდის შიგნით აზრთა სხვადახვაობაზე საკითხები, გუნდის შიგნითვე უნდა გაირკვას. ეს განცხადება კილაძემ, დეპუტატ შოთა შალელაშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თეა წულუკიანი გააკრიტიკა ომბუდსმენის შეფასების გამო.
იუსტიციის მინისტრმა ნანუაშვილს უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა, რაც დეპუტატ შოთა შალელაშვილის თქმით, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია
“ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, ბატონ შოთაზე ვსაუბრობ, დიდ პატივს ვცემ, თუმცა ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ ასე დარტყმა … ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობის. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში სტრასბურგში მუშაობდა ქალბატონი თეა, იგი ძალიან კვალიფიციური წარმომადგენელია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროსი. მე მგონი, ცოტა უხერხულია საჯარო განცხადებები. თუ რაიმე კითხვის ნიშნები დგას გუნდში ერთმანეთის მიმართ, პირველ რიგში ჯობია, გუნდში გავარკვიოთ. თუ ვთქვათ გუნდშიც ვერ ვნახეთ პასუხი, შემდეგ უკევ სახალხოდ”,- განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებული ომბუდსმენის შეფასების გამო, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა. ომბუდსმენი ასევე გააკრიტიკეს პროკურორმა და თბილისის საქალაქო სასამართლომ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის კრიტიკის გამო. განცხადებაში, რომელსაც ხელს თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, წერია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ სახალხო დამცველი კრტიკისაგან და ზიანი არ მიაყენონ ომბუდსმენის ინსტიტუტს. სოფიო კილაძე არასამთავრობო სექტორის შეშფოთებას არ იზიარებს:
“მე რაც ვნახე თეა წულუკიანის განცხადება, უშუალოდ ომბუდსმენის ინსტიტუტზე არაფერი განცხადება არ ჰქონია, უბრალოდ მან თავის პოზიცია გამოხატა უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით”- განაცხადა კილაძემ.