

დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც დღეს, 6 ივლისს ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე “წიგნის სახლში” გაიმართა, სულხან-საბას ეპოქა, შემოქმედება და ცხოვრება განიხილეს.
“წიგნმა უნდა გადაარჩინოს ჩვენი სული, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი მომავალი,”- თქვა პატრიარქმა.
ღონისძიების ორგანიზატორის, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციის “დავითიანის” ხელმძღვანელის, კონსტანტინე სვანაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ილიამ მეორემ წიგნის კითხვის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა, მკითხველთა რაოდენობამ იმატა.
“წიგნის კითხვისადმი ინტერესი ახალგაზრდებში ძალიან გაიზარდა, თბილისის ბიბლიოთეკები კმაყოფილი არიან იმით, რომ მკთხველთა რაოდენობა დღითდღე იზრდება. ეს ინფორმაცია ბიბლიოთეკების ადმინისტრაციებისგან გვაქვს,”- ამბობს კონსტანტინე სვანაძე.
“პატრიარქის ინიციატივიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით შაბათი დღე კითხვის დღედ დაწესდა, ჩვენმა “დავითიანთან” არსებულმა ინტელექტუალურმა კლუბმა “წიგნის მეგობრებმა” გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა განგვეხორციელებინა, და უკვე ოთხი შაბათია სხვადასხვა სამკითხველოებში ეწყობა წიგნის კითხვის დღე. ახალგაზრდები სხვადასხვა პოეტების და მწერლების განხილვას აწყობენ,”- განაცხადა ქეთი ბურჯანაძემ, “წიგნის მეგობრების” ხელმძღვანელმა.
მოწვეულმა სტუმრებმა ილია მეორე უთხრეს, რომ გამოხმაურების მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ მხრივ, უფრო ქმედითი და უფრო მასშტაბური გეგმის დასახვა არის საჭირო.
წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს დაიხურა და როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ოქტომბრიდან კვლავ განახლდება. ზაფხულის განმავლობაში კი “წიგნის მეგობრები” რეგიონებში ჩავლენ.
დაახლოებით ერთი თვის წინ ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს თქვა, რომ ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს.
“მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ხალხით უნდა გაივსოს. საპატრიარქოს ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და იქ ისეთი წიგნებია, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. შაბათობით, 10 -დან 19 საათამდე ღია იქნება ბიბლიოთეკები. ჩვენ იქ უნდა მივიდეთ, რათა ვიკითხოთ წიგნები. იქ დაგხვდებათ სათანადო პირობები და ბევრს ისწავლით,” – თქვა მან.


