ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოს სავაჭრო პერსპექტივა ვიშეგრადის ქვეყნებთან

16 ნოემბერი, 2017 • 3291
საქართველოს სავაჭრო პერსპექტივა ვიშეგრადის ქვეყნებთან

“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ორგანიზებით დღეს, კონფერენცია სახელწოდებით “ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნები და საქართველო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები” გაიმართა.  ფორუმის მიზანი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო. ვიშეგრადის ქვეყნებში ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთია გაერთიანებული.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რაც არსებობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, უნგრეთთან და სლოვაკეთთან შედარებით დაბალი სავაჭრო ბრუნვაა.

“ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩვენს ბიზნეს საზოგადოებას მიეცა საშუალება ევროპულ ბაზარზე თავისი მოკრძალებული ნიშა დაეკავებინა, მაგრამ ეს არის საკმაოდ რთული პროცესი. შეიძლება ეს რამოდენიმე წელიც გაგრძელდეს, ვინაიდან შენ რომ ევროპულ ბაზარზე ადგილი დაიკავო, ამისთვის აუცილებელია გქონდეს პროდუქცია. პროდუქცია, რომელიც იქნება ხარისხიანი და იქნება ყველა სტანდარტის შესაფერისი, რასაც ევროპული რეგულაციები ითხოვს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი კონფერენცია სწორედ თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს მიეძღვნა. ვიშეგრადის ოთხი ქვეყანა არის ძალიან სერიოზული პოტენციური პარტნიორი საქართველოსი, რომლებიც იცნობენ და ახსოვთ ქართული პროდუქცია,”- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიშეგრადის ქვეყნებთან ურთიერთობა და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს ქართულ კომპანიებს ამ მიმართულებით.

“ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა არის სერიოზული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობები გაღრმავდეს. ეს კარგი შესაძლებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან იქნება ძალიან ინტენსიური ხელშეწყობა ,”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სიტყვით გამოსვლისას გენადი არველაძემ ვიშეგრადის ქვეყნებთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის ინფორმაცით, 16%-ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყნებთან.

“დარგები, სადაც ვიშეგრადის ქვეყნები ინვესტიციებს ახორციელებენ არის ტრანსპორტის სფერო, გადამამუშავებელი მრეწველობა და ტურიზმი. ეს სექტორები ამ ქვეყნების მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს. ასევე ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია “ენერგოპროსგან” გვაქს, რომელიც ჩეხური კომპანიაა. ჩვენ მივესალმებით ამ ქვეყნებიდან მეტ ინვესტორს,”-განაცხადა გენადი არველაძემ.

ფორმუმს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანიც ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან ევროკავშირ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

“ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა თქმა უნდა, არის ექსპორტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი ქართული კომპანიები ისარგებლებენ იმ უპირატესობით, რასაც ევროკავშირის ბაზარზე წვდომა ჰქვია. ამისთვის კი ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიებს უნდა დავეხმაროთ, განსაკუთრებით მცირე კომპანიებს,”-განაცხადა იანუშ ჰერმანმა.

EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ქართული კომპანიებისთვის მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. ერთ-ერთ პრობლემად ბრუნო ბალვანერა ქვეყანაში ჯერ კიდევ ნაკლებას განვითარებულ ინფრასტრუქტურას ასახელებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ირაკლი ტყებუჩავა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიის  ფინანსური მენეჯერია. მისი თქმით, ასეთი ფორუმები ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

“ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს ბიზნესის კომუნიკაციას და ამას პერიოდული ხასიათი როცა ექნება ეს კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას ბიზნეს სექტორებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააღრმავონ პარტნიორული ურთიერთობები, რათა შემდგომში უკვე განხორციელდეს ექსპორტი, მოვიზიდონ ფინანსური ინვესტიციები საქართველოში. არ არის მარტივი ევროპაში მოგზაურობა ისეთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და აწარმოოს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენი ბიზნესი არის ცოტა სპეციფიკური. ეს არის საკონსულტაციო-საინჟინრო მომსახურება. რაც გულისხმობს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ან ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მომზადებას საქართველოში ძირითადად, თუმცა ჩვენ უცხოეთში შუა აზიის ქვეყნებში, აფრიკაშიც გაგვიწევია საკონსულტაციო მომსახურეობა,”-აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.

ფორუმზე სიტყვით გამოვდინენ პოლონეთის და სლოვაკეთის ელჩები. სლოვაკეთის ელჩის განცხადებით, გაზაფხულიდან თბილისიდან ბრატისლავას მიმართულებით ავიარეისები დაინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი